-
Aa
+
ფონტის ზომა
20 სექტემბერს UFC ლოს ანჯელესში ბრუნდება. ორგანიზაციის 331-ე ღონისძიება სტარტს 01:30-დან აიღებს, სადაც მაყურებელს უამრავ საინტერესო ბრძოლასთან ერთად გიგა ჭიკაძის კიდევ ერთი გამოსვლა ელის - ქართველი ნინძა UFC-ში თავის მე-13 ბრძოლას ჟოანდერსონ ბრიტოს წინააღმდეგ გამართავს. დღევანდელ ბლოგში UFC-ს პირველ ქართველ ვარსკვლავზე მოგიყვებით.
წაიკითხეთ ვრცლად: ნინძას დაბრუნება და სატიტულო ბრძოლა - ყველაფერი UFC 331-ის შესახებ
გიგა ჭიკაძე 1988 წელს თბილისში დაიბადა და პატარა ასაკიდანვე დაინტერესდა საბრძოლო ხელოვნებებით - მისი პირველი გატაცება კარატე იყო, MMA კი მის ცხოვრებაში ნაქირავებ VHS კასეტებზე ჩაწერილი ბრძოლების სახით შემოვიდა. გიგა იმ იშვიათ ადამიანთა შორისაა, რომელმაც UFC-ს პირველ გამოშვებას 1993 წელს უყურა - 5 წლის გიგაზე კი წარუშლელი შთაბეჭდილება როის გრეისმა დატოვა.
როის გრეისის სამოსი ჩემს კიმონოს ძალიან ჰგავდა და მაშინვე ჩემი თავი მასთან გავაიგივე
ბრიუს ლისა და ჯეტ ლის მონაწილეობით ნანახმა საბრძოლო ფილმებმა კი პატარა გიგაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. კარატის ახალგაზრდული კარიერა კი ბრწყინვალედ წარიმართა - გიგა საქართველოს მრავალგზის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
12 წლის გიგა სომხეთში კავკასიის თასზე.
18 წლის ასაკში ცოლი მოვიყვანე და მივხვდი, რომ კარატე არ არის ის სპორტი რითიც შეიძლება ოჯახი არჩინო
კარატესთან ახლოს მყოფ საბრძოლო ხელოვნებებს შორის გიგამ არჩევანი ქიქბოქსინგზე შეაჩერა და ნიდერლანდებში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, Golden Glory-ს შეუერთდა. ახალ საბრძოლო ხელოვნებეში გამოუცდელმა ჭიკაძემ ნიდერლანდური სპორტული ცხოვრება რთულად დაიწყო - იყო მოგებები და მარცხები, თბილისში ტელევიზორში, ევროსპორტზე ნანახ მებრძოლებთან ერთად ვარჯიში და დიდი წარმატება.
ბრედაში გატარებულ ორ და ამსტერდამში გატარებული ხუთ წელიწადში გიგა ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ფიქრი ახალ შესაძლებლობებზე დაიწყო - კრივი თუ MMA ანუ შერეული საბრძოლო ხელოვნებები.
აქ საქმეში “გიგა ქიქი” ანუ ნინძას დარტყმა ჩაერთო - ჭიკაძის მთავარი კოზირი, რომელიც კრივის არჩევის შემთხვევაში ჩრდილში დარჩებოდა. 2014 წელს გიგა ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად გაემგზავრა - ფილადელფიის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის უშედეგოდ მოვლის შემდეგ, გიგა ლოს ანჯელესში აღმოჩნდა.
მაშინ LA-თი მოვიწამლე, ვიპოვე სავარჯიშო დარბაზი, ქალაქი - ყველაფერი
ასე დაიწყო ნინძას MMA კარიერა - Gladiator Challenge-ში ნოკაუტით მოგებულ ზედიზედ ხუთ ბრძოლას, დენა უაითის კონტენდერების სერიაში მონაწილეობა მოჰყვა. 2018 წლის ივნისში გიგა ოსტინ სპრინგერთან დამარცხდა - გლადიატორში დაბრუნებულმა კიდევ ორი ბრძოლა მოიგო და UFC-ს კონტრაქტი მაინც მოიპოვა.
მსოფლიოს საუკეთესო MMA ორგანიზაციაში ჭიკაძის დებიუტი 2019 წლის 28 სექტემბერს ბრენდონ დეივისის წინააღმდეგ შედგა - მსაჯთა გადაწყვეტილებით ბრძოლა ფრედ დასრულდა, ხოლო მოგვიანებით გამარჯვება ქართველს მიაკუთვნეს. ასე დაიწყო ნინძას შვიდბრძოლიანი მოგებათა სერია, რამაც ქართველი UFC-ს ქამართან ძალიან ახლოს მიიყვანა.
ბრენდონ დეივისი v გიგა ჭიკაძე. 2019.
წელიწადნახევარში გიგამ UFC-ში ექვსი ბრძოლა ჩაატარა და ერთმანეთის მიყოლებით ჯამალ ემერსი, ირვინ რივერა, ომარ მორალესი, ჯემეი სიმონსი, ქაბ სუენსონი და ედსონ ბარბოსა დაამარცხა. აქედან ბოლო სამი მეტოქეს ნინძამ ნოკაუტით სძლია, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი ამ უკანასკნელის, ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მეცხრე ნომრის დამარცხება იყო.
ედსონ ბარბოსა v გიგა ჭიკაძე. 2021.
გიგამ რეიტინგის მერვე ადგილზე გადაინაცვლა და კიდევ ერთხელ გახდა Fight NIght-ის ჰედლაინერი - ამჯერად ნინძას ქვემსუბუქი წონის მეხუთე ადგილოსანი კელვინ კატარი უნდა დაემარცხებინა, რაც უდიდესი ალბათობით ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლას ნიშნავდა.
10-დან 9 შემთხვევაში მე კელვინ კატარს დავამარცხებდი
სამწუხაროდ, იმ დღეს სწორედ ის ერთი შემთხვევა აღმოჩნდა - გიგა დამარცხდა და დასაბრუნებლად წელიწად ნახევარი დასჭირდა. “გიგა უფრო მეტია ქართული MMA-სთვის ვიდრე 14 გამარჯვება და სამი მარცხი. გიგა ჭიკაძემ დაიწყო ქართული ბუმი” - თქვა ალექს კასერესთან ბრძოლის წინ დაბრუნებულ ნინძაზე კომენტატორმა, რაც აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.
მე ისევ პატარა გიგა ვარ, რომელიც საქართველოდან მასიური მისიით წავიდა, რომ თბილისის, საქართველოს სიყვარული დიდ არენაზე გაეხმაურებინა
ნინძამ ალექს კასერესი დაამარცხა, თუმცა შემდეგ საქმეები კარგად აღარ წავიდა - გიგა ზედიზედ სამ ბრძოლაში დამარცხდა. თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გიგა ჭიკაძე პირველი ქართველი იყო UFC-ს დიდ სცენაზე, პირველი ქართველი იყო, რომელმაც საჩემპიონო ქამართან ძალიან ახლოს გაიარა და იმედი ვიქონიოთ რომ კვირას გიგა ქიქის ძალას კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
წაიკითხეთ ვრცლად: ვინ არის ჟოანდერსონ ბრიტო? - გაიცანი გიგა ჭიკაძის მეტოქე

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები