-
Aa
+
ფონტის ზომა
ის იქ მხოლოდ სასკოლო არდადეგების გასატარებლად უნდა ჩასულიყო. ჟოანდერსონ ბრიტო ჩრდილოეთით, ამაპას შტატში გაემგზავრა, რათა ბიოლოგიური დედა მოენახულებინა.
იქ კი ქალაქი აღმოაჩინა, სადაც ბავშვები შესვენებებზე ფეხბურთის ნაცვლად არმბარებზე საუბრობდნენ და საბოლოოდ იქიდან აღარც წასულა. ყველაფერი დანარჩენი სწორედ იმ ზაფხულიდან დაიწყო.
ჟოანდერსონ ბრიტო 1995 წლის 11 თებერვალს, მარანიანის შტატის სიღრმეში მდებარე სანტა ელენაში დაიბადა. ის სან პაულუს შტატის ქალაქ ბაურუს წარმოადგენს. მისი სიმაღლე დაახლოებით 173 სანტიმეტრია, წონა - 145 ფუნტი (დაახლოებით 66 კგ). იბრძვის მარჯვენა დგომიდან და ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში ყავისფერი ქამარი აქვს.
პროფესიონალურ MMA-ში მისი რეკორდია 19-5-1 - გამარჯვებებიდან 7 ნოკაუტით მოიპოვა, 9 კი საბმიშენით. მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს მსაჯების გადაწყვეტილებით მოპოვებული, რაც კარგად აჩვენებს, როგორი სტილით იბრძვის.
მას პირველ რაუნდში 10 ბრძოლა აქვს დასრულებული, 8-ჯერ კი მეტოქის დასამარცხებლად 102 წამზე ნაკლები დასჭირდა.
მეტსახელი: „Tubarão“ - „ზვიგენი“.
ეს მეტსახელი კარიერის ადრეულ ეტაპზე მიიღო და მიზეზიც მისი ბრძოლის სტილი იყო, მუდმივად წინ მიდიოდა, ძლიერ და ხშირად ურტყამდა და მეტოქეზე ნადირობდა, ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლა უბრალოდ ეკონტროლებინა.
ბრიტო სანტა ელენაში დეიდამ, მარია დე ფატიმამ გაზარდა, რომელსაც თავად თავის მშვილებელ დედას უწოდებს.
16 წლის ასაკში სასკოლო არდადეგებზე ამაპას შტატის ქალაქ ლარანჟალ-დუ-ჟარიში გაემგზავრა, სადაც მისი ბიოლოგიური დედა, ჟოანა მარია ცხოვრობდა. იქაურობა მოეწონა და დარჩა.
ამ ქალაქმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. UFC Brasil-თან სადებიუტო ბრძოლამდე მიცემულ ინტერვიუში ბრიტო იხსენებდა, რომ ახალ სკოლაში ბიჭები ფეხბურთის ნაცვლად ბრძოლაზე საუბრობდნენ და სკოლის ეზოში ერთმანეთს სხვადასხვა ილეთს აჩვენებდნენ.
თავდაპირველად ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობა იყო. შემდეგ ჰობი გახდა. საბოლოოდ კი - მთელი მისი ცხოვრება.
ბრიტოს რეალური სათადარიგო გეგმა არასდროს ჰქონია. სამხედრო სამსახურზე ფიქრობდა, თუმცა ჯარში არ უმსახურია. სანამ MMA-დან ფულის გამომუშავებას დაიწყებდა, ყველანაირ სამუშაოს ასრულებდა, ქვებს ეზიდებოდა, ბაზარში საქონელს ტვირთავდა და აკეთებდა ყველაფერს, რაშიც ფულს გადაუხდიდნენ.
გადაწყვეტილება, რომელმაც მისი კარიერა შეცვალა, თითქმის შემთხვევით მიიღო.
ბრიტო მეგობარს ბრძოლის გამო სან პაულუში გაჰყვა და საბოლოოდ ბაურუში დარჩა, სადაც ჟოაო ემილიოს ხელმძღვანელობით Chute Boxe-ის დარბაზში დაიწყო ვარჯიში. ეს დღემდე მისი სახლია.
ბაურუში გაიცნო მაიარა ფელიქსიც, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა. მათი ვაჟი, აპოლო, ბრიტოს კარიერის იმ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან მალევე დაიბადა.
2021 წელს ბაურუმ ბრიტო ოფიციალურადაც აღიარა. ქალაქის საკრებულომ მას და მის სამწვრთნელო გუნდს სპეციალური ჯილდო გადასცა. ბრიტო გახდა პირველი სპორტსმენი, რომელიც ბაურუს წარმოადგენდა და UFC-ის კონტრაქტი მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ის მეუღლესთან, სიდედრთან, მწვრთნელთან და მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად მივიდა.
რეგიონალურ ორგანიზაციებში მისი გზა რთული და ქაოსური იყო.
ბრიტომ პროფესიონალური დებიუტი 2013 წელს rear-naked choke-ით წააგო, 2015 წელს კი კიდევ ერთხელ დამარცხდა. 2016 წელს ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა. ამის შემდეგ კი დაიწყო გამარჯვებების სერია, რომელიც თითქმის 5 წელს გაგრძელდა.
ის ბრაზილიაშიც იბრძოდა და მის ფარგლებს გარეთაც. 2018 წელს 2-ჯერ იყო FFC-ის მთავარი ბრძოლის მონაწილე და პერუში ჩემპიონობის ქამარიც მოიპოვა, რასაც დღემდე თავისი კარიერის ადრეული ეტაპის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო მიღწევად მიიჩნევს.
2019 წლის თებერვალში Future FC-ზე გილიოტინით გაიმარჯვა. 3 თვის შემდეგ კი აშშ-ში, LFA-ში იბრძოლა და ხოსე მარისკალი მხოლოდ 44 წამში დაამარცხა.
ეს მისთვის დიდი კარიერული ნახტომის დასაწყისი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ პანდემია დაიწყო და ბრიტოს 2 წელზე მეტი ბრძოლის გარეშე დარჩენა მოუწია. კალენდარი მიდიოდა, მისი კარიერის საუკეთესო სერია კი იძულებით შეჩერდა.
2021 წლის აგვისტოში ბრიტოს Dana White’s Contender Series-ში ბრძოლის შესაძლებლობა მიეცა. მისი მეტოქე კიდევ ერთი ბრაზილიელი, დიეგო ლოპესი იყო, რომელსაც იმ დროს რეგიონალური MMA-ს ფარგლებს გარეთ ბევრი არ იცნობდა.
ბრიტო დაძაბულ და მაღალი ტემპის ბრძოლაში უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა მე-3 რაუნდის დაწყებიდან 10 წამი იყო გასული, როდესაც თვალში შემთხვევითი ჩხვლეტის გამო ბრძოლა შეწყდა.
გამარჯვებული ტექნიკური გადაწყვეტილებით, ერთხმად ბრიტო გახდა. UFC-ის კონტრაქტიც გაფორმდა.
ის გახდა მარანიანის შტატის პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-მდე მიაღწია.
ლოპესის შემდგომი წარმატებების გათვალისწინებით, ეს გამარჯვება ბრიტოს კარიერაში დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
UFC-ში მისი დებიუტი 2022 წლის იანვარში წარუმატებელი გამოდგა. ბილ ალჯეომ 3 რაუნდის განმავლობაში უკეთ იბრძოლა და ერთხმად მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ამის შემდეგ კი ბრიტომ მეტოქეების განადგურება დაიწყო.
2022 წლის აპრილში ანდრე ფილი მხოლოდ 41 წამში დაამარცხა. ოქტომბერში ლუკას ალექსანდერი პირველ რაუნდში დაახრჩო. 2023 წლის ივლისში კი უესტინ უილსონი 3 წუთზე ნაკლებ დროში დარტყმებით დაანოკაუტა.
შემდეგ დადგა მომენტი, რომელმაც მისი ხასიათი ყველაზე კარგად წარმოაჩინა.
2023 წლის ნოემბერში ჯონათან პირსის წინააღმდეგ ბრიტომ თითქმის 2 რაუნდი ჭიდაობისა და კონტროლის ქვეშ გაატარა. პირსმა, რომელსაც ბრძოლის გაჩერებული ტემპი არ მოსწონდა, ბრიტოს უთხრა, წამომდგარიყო და რამე გაეკეთებინა.
ბრიტო წამოდგა, მეტოქეს ფეხზე დგომისას ninja choke გაუკეთა და დაახლოებით 1 წუთის შემდეგ გათიშა. 4 ბრძოლა. 4 ფინიში. 3 - პირველივე რაუნდში.
სერია 2024 წლის მაისში, რიო-დე-ჟანეიროში გამართულ UFC 301-ზეც გაგრძელდა. ბრიტომ ჯეკ შორი მე-2 რაუნდში ექიმის გადაწყვეტილებით დაამარცხა, მეტოქეს მძიმე ჭრილობა ჰქონდა. ეს ყველაფერი კი ბრაზილიელი გულშემატკივრების წინ მოხდა.
5 თვის შემდეგ ბრიტო პარიზში ჩავიდა და უილიამ გომისთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ბრძოლის შედეგი პრაქტიკულად ერთი რაუნდის შეფასებამ გადაწყვიტა.
2025 წლის აპრილში კი პატ საბატინიმ 15 წუთის განმავლობაში ჭიდაობაში სრულად გაანეიტრალა. ბრიტოს თავის მართლება არ უცდია.
საბატინისთან ბრძოლამდე UFC.com-თან ინტერვიუში გომისთან მარცხზე თქვა:
ვიცი, რომ ჩემი საუკეთესო ბრძოლა არ ჩამიტარებია. არ ვაპირებ ამ მარცხს ამოვეფარო ან იმ ფაქტს, რომ ვფიქრობ, სინამდვილეში მე გავიმარჯვე.
იმავე ინტერვიუში მან განმარტა, რაში ხედავს თავის მთავარ უპირატესობას და ამაში არაფერია განსაკუთრებულად ეფექტური ან თვალისმომჭრელი.
„ერთ-ერთი რამ, რაც საკუთარ თავში ყოველთვის მომწონდა და რაც, ჩემი აზრით, UFC-ში წარმატების ერთ-ერთი გასაღებია, ვარჯიშია. პრობლემა არ მაქვს, თუ სავარჯიშო პარტნიორი არ მყავს, მაინც გავალ და ვიმუშავებ.“
მისი გეგმაც მარტივად ჩამოაყალიბა: UFC-ში 10-დან 15 წლამდე დარჩენა, წელიწადში 3 ბრძოლა და არანაირი დამალვა.
მას დამატებითი მოტივაციაც აქვს. როდესაც ჰკითხეს, რას ფიქრობდა დიეგო ლოპესის საჩემპიონო ბრძოლებამდე აღზევებაზე მაშინ, როდესაც თავად Fight Night-ის პრელიმებზე იბრძოდა, ბრიტომ თქვა, რომ განსხვავება შესაძლებლობებშია და არა მებრძოლების დონეში.
მისი თქმით, UFC-მ ლოპესი „გაშლილი ხელებით მიიღო“. ბრიტოსაც იგივე დამოკიდებულება სურს და ამის დამსახურებას მეტოქეების ფინიშებით აპირებს.
ბრიტომ წარუმატებელი სერია 2025 წლის დეკემბერში შეწყვიტა, როდესაც აიზეკ ტომსონი დამაჯერებელი ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შემდეგ კი, 2026 წლის 6 ივნისს, ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა, რატომ არის სახიფათო მეტოქე.
ჯორდან ლევიტი ბრძოლის დაწყებიდან 10 წამში მის ფეხებში შევიდა და რაუნდის დიდი ნაწილი გალიასთან თეიქდაუნების შესრულებას ცდილობდა.
ბრიტომ დარტყმების სერია დაიწყო, შეტევაზე წამოსულ ლევიტს დაუცველი კისერი დაუჭირა და ზუსტად იგივე ninja choke გამოიყენა, რომლითაც პირსი დაამარცხა.
ლევიტი პირველი რაუნდის 4:19-ზე დანებდა. ბრიტომ გამარჯვება შორტების გახდით აღნიშნა. ზედიზედ 2 გამარჯვება. UFC-ში 6 ფინიში.
ბრიტოს არასდროს დაუწყია ახალი დარბაზის ძებნა ლას ვეგასში ან ფლორიდაში.
ის კვლავ ბაურუში, Chute Boxe-ში, ჟოაო ემილიოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. დარტყმით ტექნიკასთან ერთად აქტიურად მუშაობს ჯიუ-ჯიცუზე და სპარინგებს მართავს ბრაზილიელ პროფესიონალებთან, მათ შორის მელქიზაელ კოსტასთან.
მისივე თქმით, სავარჯიშო დღე დილის 7 საათზე საუზმით იწყება, შემდეგ კი MMA-ს, ჯიუ-ჯიცუს, მუაი ტაისა და ფიზიოთერაპიის სესიებს გადის. დღე დაახლოებით საღამოს 8 საათზე სრულდება.
ბავშვობაში მისი კერპები იყვნენ მინოტაურო, შოგუნი და ანდერსონ სილვა. Chute Boxe-ის აგრესიული, მუდმივ ზეწოლაზე დაფუძნებული სტილი მის ბრძოლაშიც აშკარად ჩანს.
ჟოანდერსონ ბრიტო 20 სექტემბერს, UFC 331-ზე გიგა ჭიკაძეს დაუპირისპირდება. ღონისძიება ლოს ანჯელესში გაიმართება.
საღამოს მთავარი ბრძოლა უსმუბუქესი წონის ქამრისთვის ჯოშუა ვანისა და ალეშანდრე პანტოჟას რემატჩი იქნება.
ბრიტოსა და ჭიკაძის დაპირისპირება საინტერესო სტილისტური ბრძოლაა, მუდმივი ზეწოლის მოყვარული ბრაზილიელი მებრძოლი ქართველი კიკბოქსერის წინააღმდეგ, რომელსაც ორივე ფეხით ნოკაუტის ძალის დარტყმების შესრულება შეუძლია.
ბრიტოსთვის ეს რიოში გამართული UFC 301-ის შემდეგ ყველაზე დიდი სცენა იქნება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები