ლილის მთავარი მწვრთნელი დავიდე ანჩელოტი, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის შვილია, და მონაკოს მთავარი მწვრთნელი ფილიპე ლუისი საფრანგეთის ჩემპიონატის სტარტზე ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
მათი გუნდების წარმატებული ასპარეზობა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის ფონზე, რომ მანამდე მათ, შესაბამისად, ბოტაფოგოსა და ფლამენგოში იმედგამაცრუებული პერიოდები ჰქონდათ.
4 ტურის შემდეგ ლილი, მონაკო და რენი სატურნირო ცხრილის სათავეში არიან. სამივე გუნდმა შესაძლო 12 ქულიდან 10 მოიპოვა, 3 გამარჯვება და 1 ფრე.
ლილი ლიდერებში კვირას ტრუასთან მოპოვებული 2:0 გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. მონაკომ კი თავისი შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. შედეგად, ფილიპე ლუისის გუნდმაც 10 ქულა დააგროვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლების გამო მე-2 ადგილზეა. მე-3 პოზიციას რენი იკავებს.
ანჩელოტისა და ფილიპე ლუისის წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მათ უკან მოიტოვეს ფრანგული ფეხბურთის გრანდი პარი სენ-ჟერმენი.
ლუის ენრიკეს გუნდმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი 2-გზის გამარჯვებულია, 4 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო. პსჟ 5 ქულით მე-7 ადგილზეა.
ფილიპე ლუისის შემთხვევა განსაკუთრებით მოულოდნელი იყო. 2025 წელს ბრაზილიის ჩემპიონატისა და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულმა მწვრთნელმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო, ბრაზილიის სუპერთასის შეხვედრაში კორინთიანსთან დამარცხდა, ხოლო სამხრეთ ამერიკის რეკოპა ლანუსთან დათმო.
მოგვიანებით კი, კარიოკას ჩემპიონატში მადურეირას 8:0 განადგურების შემდეგ, მან შეიტყო, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გუნდის რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის ფინალში დამაჯერებლად გაყვანაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მის თანამდებობაზე დასარჩენად.
შედეგად, ფილიპე ლუისმა პოსტი მიმდინარე წლის მარტში დატოვა და იგი პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლეონარდო ჟარდიმმა შეცვალა.
დავიდე ანჩელოტის წასვლას კი წინ უძღოდა კონფლიქტი მის ფიზიკური მომზადების მწვრთნელ ლუკა გუერასთან დაკავშირებით. გუერას ბოტაფოგოს ფეხბურთელებში გახშირებული კუნთის ტრავმების გამო აკრიტიკებდნენ.
როდესაც ანჩელოტიმ შეიტყო, რომ კლუბი სპეციალისტის გათავისუფლებას აპირებდა, ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა.
საბოლოოდ, მისი წასვლა 2025 წლის დეკემბერში გადაწყდა. მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ დამოუკიდებელ სამუშაოზე იტალიელმა ბოტაფოგო 14 გამარჯვებით, 11 ფრითა და 7 მარცხით დატოვა.
ბოტაფოგომ მის შემცვლელად 40 წლის არგენტინელი მარტინ ანსელმი აირჩია, თუმცა ისიც მიმდინარე წლის მარტში გაათავისუფლეს.