არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუხედავად იმისა, რომ ქომაგთა უმეტესობას დღემდე კარგად ახსოვს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას ცალ-ცალკე საფეხბურთო ნაკრებების არსებობა, რომლებიც ერთმანეთს ერთადერთხელ და ისიც მუნდიალზე შეხვდნენ, პლანეტის მასშტაბით საკმაოდ ცოტამ თუ იცის საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ზაარლანდის ხანმოკლე ყოფნა.
1950-იანი წლების დასაწყისში ევროპა დამანგრეველი ომის იარებს ჯერ კიდევ იშუშებდა, ფეხბურთმა კი კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ რამდენად მჭიდროდაა ერთმანეთში გადაჯაჭვული ფეხბურთი და პოლიტიკა.
როდესაც 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, ფრანგმა და გერმანელმა დიპლომატებმა შეშფოთებით გადახედეს ერთმანეთს. დასავლეთ გერმანია შესარჩევ ჯგუფში ზაარლანდთან ერთად მოხვდა - ასევე გერმანულ სახელმწიფოსთან, რომლის ტერიტორიაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთმა დაიკავა.
ზაარლანდი 1954 წლის მუნდიალამდე დიდი ხნით ადრე იყო საფრანგეთსა და გერმანიას შორის დავის საგანი. ამ ძირძველი გერმანული რეგიონის ანექსია საფრანგეთმა ჯერ კიდევ ნაპოლეონის ეპოქაში მოახდინა, გერმანიას იგი 1870 წლის ფრანკო-პრუსიის ომის შემდეგ დაუბრუნდა, პირველი მსოფლიო ომის მერე კი ერთა ლიგის გადაწყვეტილებით, ზაარლანდი საფრანგეთისა და გერმანიისგან დამოუკიდებლად იმართებოდა, თუმცა 1935 წლის რეფერენდუმის შედეგად იგი კვლავ გერმანიას მიეკუთვნა.
მეორე მსოფლიო ომმა ზაარლანდის სტატუსი კიდევ ერთხელ შეცვალა: 1947 წელს ზაარლანდი საფრანგეთის პროტექტორატი გახდა. ამჯერად მას საკუთარი მთავრობა ჰყავდა და თავისი კონსტიტუციაც ჰქონდა. ფრანგები ფრთხილობდნენ ზაარლანდის საფრანგეთთან ინტეგრაციას, რადგან ეს ამბავი არც ფრანგებს და არც ზაარელ მოსახლეობას არ სურდათ. ფრანგი პოლიტიკოსები გამალებით ეძებდნენ ზაარლანდთან მჭიდრო კავშირის რაიმე ხერხს და სპორტი ამ სახელმწიფოს ირგვლივ არსებული კამათის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად მიიჩნიეს, ფეხბურთი კი ის იყო, რაც ზაარელ მოსახლეობას კარგად გამოსდიოდა.
ამ რეგიონის უმსხვილესი ქალაქის, ზაარბრიუკენის გუნდი „ზაარბრიუკენი“ (FC Saarbrücken), რომელიც 1943 წლის გერმანიის საფეხბურთო პირველობის ფინალში დრეზდენის „დრეზდნერ შპორტკლუბთან“ დამარცხდა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ფრანგებმა საფრანგეთთან სიახლოვის ერთგვარ ელჩად აირჩიეს და 1948-49 წლების სეზონისთვის საფრანგეთის მეორე დივიზიონში სტუმარი გუნდის სტატუსითა და შეცვლილი სახელით („სარბრუკი“ - FC Sarrebruck) ასპარეზობაზე დაითანხმეს.
ზაარბრიუკენელებმა აღნიშნული ლიგა იოლად მოიგეს. გუნდი იმარჯვებდა ისეთი ანგარიშებით, როგორებიცაა 10:1 „რუანთან“ და 9:0 „ვალანსიენთან“, თუმცა პირველ დივიზიონში აღზევებასა და შემდგომ მონაწილეობაზე „სარბრუკს“ უარი განუცხადეს სხვა საფეხბურთო კლუბების, მათ შორის „სტრასბურის“ წინააღმდეგობის გამო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ალზასის ოკუპაციის შედეგად „შტრასბურგის“ სახელით გერმანიის საფეხბურთო ლიგაში გამოდიოდა.
არადა ზაარულ გუნდში იმ დროს ე.წ. ოქროს თაობა თამაშობდა: ჰერბერტ ბინკერტი (41 გოლი სეზონში), პეტერ მომბერი (27 გ.), კურტ კლემენსი (21 გ.), კარლ ბერგი (14 გ.), ფრანც იმიგი (12 გ.), რობერტ შრაინერი (11 გ.) და იაკობ ბალცერტი (10 გ.).
1949 წლის ივნისში „ზაარბრიუკენმა“ განაცხადი შეიტანა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში (FFF) ოფიციალურ გაწევრიანებაზე, რასაც საფრანგეთის მთავრობა და ასევე FFF-ისა და FIFA-ს პრეზიდენტი ჟიულ რიმეც უჭერდა მხარს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალზასისა და ლოთარინგიის რეგიონალური ასოციაციებისგან მიღებული წინააღმდეგობების, ასევე ფრანგულ საზოგადოებაში არსებული გერმანიასთან ნებისმიერი სახით დაახლოების სკეპტიციზმის გამო ფედერაციის საბჭომ ზაარელთა სურვილი არ დააკმაყოფილა.
1949 წლიდან 1951 წლამდე „ზაარბრიუკენი“ დამოუკიდებლად აწყობდა საკუთარ ტურნირს - ზაარლანდის საერთაშორისო თასს, რომელშიც 15 ევროპული და 1 სამხრეთ ამერიკული კლუბი მონაწილეობდა.
რაც შეეხება ზაარლანდის ეროვნულ ნაკრებს, იგი დასავლეთ გერმანიის FIFA-ში მიღებიდან სამი თვის შემდეგ, 1950 წლის 12 ივნისს გაწევრიანდა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში.
არსებობის მანძილზე, 1950-56 წლებში, ზაარლანდმა სულ 19 საერთაშორისო მატჩი გამართა, ისიც უმეტესად - სხვადასხვა ქვეყნების B-ნაკრებებთან, რადგან ძლიერი საფეხბურთო ასოციაციები მას სერიოზულად არ უყურებდნენ და გერმანიის მეორე ნაკრებად აღიქვამდნენ.
ზაარლანდის ცალკე ერთეულად წარმოჩენის იდეის გამყარების ნაცვლად, როგორც ეს ფრანგებს სურდათ, საერთაშორისო სპორტი ზაარლანდის დასავლეთ გერმანიასთან კავშირების განმტკიცებას ემსახურებოდა. მაგალითად, 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის გახსნაზე დასავლეთ გერმანიისა და ზაარლანდის სპორტული დელეგაციები ერთმანეთის თანმიმდევრობით გამოვიდნენ.
დავუბრუნდეთ 1954 წლის მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდს, რა დროსაც არსებობდა საყოველთაო განცდა და მოლოდინი, რომ ისინი დასავლეთ გერმანიასთან ითამაშებდნენ. ასეც მოხდა: ზაარლანდი დასავლეთ გერმანიასთან და ნორვეგიასთან ერთად აღმოჩნდა შესარჩევ ჯგუფში.
პირველ შეხვედრაში ზაარელებმა, 1953 წლის ივნისში, ნორვეგია 3:2 დაამარცხეს. საწყის 15 წუთში ჰელმუტ შიონის გუნდი 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ჰერბერტ ბინკერტმა ერთ წუთში სხვაობა შეამცირა, 30-ე წუთზე ვერნერ ოტომ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმის სტარტზე კი მესამე გოლი გერჰარდ ზიდლმა გაიტანა.
პატარა ქვეყნის ნაკრები ჯგუფში გალიდერდა, რადგან დასავლეთ გერმანიამ ნორვეგიასთან სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა.
შემდეგი მატჩი შტუტგარტის „ნეკერშტადიონზე“ პოლიტიკური დუღილის თანხლებით გაიმართა. თავად განსაჯეთ, ადგილობრივი ფანების გაღიზიანების თავიდან არიდების მიზნით, შეხვედრის დაწყებისას ზაარლანდის დროშა არც გამოიტანეს და მის ნაცვლად მატჩის ჰოლანდიელი არბიტრის, კარელ ვან დერ მეერის სამშობლოს ალამი აფრიალდა... დასავლეთ გერმანელებმა ზაარლანდის ნაკრები სამი უპასუხო გოლით დასაჯეს.
ორ გერმანულ ნაკრებს შორის განმეორებითი შეხვედრა ქალაქ ზაარბრიუკენში, 1954 წლის მარტში, 53 ათასი დამსწრე მაყურებლის წინაშე შედგა. ზაარელებს მუნდიალზე საასპარეზოდ დიდი ანგარიშით გამარჯვება სურდათ, თუმცა ზეპ ჰერბერგერის გაწვრთნილმა მსოფლიოს მომავალმა ჩემპიონებმა მასპინძლები 3:1 დაამარცხეს.
დაძაბულობა არც ამ დაპირისპირებას აკლდა. ჯერ ზაარელი ცენტრფორვარდის, ჰერბერტ მარტინის გატანილი გოლი გააუქმეს უსაფუძვლოდ, თამაშგარის მიზეზით, შემდეგ გერმანელი ვერნერ კოლმაიერის ხელით თამაში დარჩა უყურადღებოდ ასევე ჰოლანდიელ მსაჯს, იოჰან ბრონკჰორსტს, გერმანელთა მესამე გოლისას კი ზაარელთა მეკარეზე უხეში თამაში არ დაფიქსირდა...
ზაარლანდის ნაკრების ფეხბურთელები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში გაორებულები იყვნენ. ფსიქოლოგიურად და შინაგანად ისინი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშობდნენ, რასაც უამრავი ზაარელი ქომაგიც განიცდიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაარლანდის ეროვნული გუნდი შვეიცარიაში, 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, დასავლეთ გერმანიის თამაშის საყურებლად მიიწვიეს და ზაარელმა ფეხბურთელებმაც ტრიუმფატორ ნაკრებთან ერთად იზეიმეს მსოფლიოს ჩემპიონობა. რაც შეეხება ჰელმუტ შიონს, ფეხბურთის ქომაგებმა კარგად იციან, რომ ეს მწვრთნელი მოგვიანებით სწორედ დასავლეთ გერმანიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, რა პერიოდშიც (1962-1978) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობაც შეძლო, ევროპის ვიცე-ჩემპიონობაც და მუნდიალზე სხვა ორი სინჯის მედლის აღებაც.
საფრანგეთსა და გერმანიას შორის მრავალი წლის განმავლობაში ხელიდან ხელში არაერთხელ გადასული ზაარლანდი 1957 წელს დასავლეთ გერმანიას შეუერთდა, რამაც ზაარლანდის საერთაშორისო ფეხბურთში ხანმოკლე არსებობაც ავტომატურად დაასრულა. ექვსწლიანი არსებობის ისტორიაში, ამ პატარა ნაკრების საუკეთესო ბომბარდირად ექვს-ექვსი გატანილი გოლით, ჰერბერტ ბინკერტი და ჰერბერტ მარტინი ჩაიწერნენ, ზაარელთა ეროვნული გუნდის ცისფერი მაისური კი ყველაზე მეტჯერ, 18-ჯერ, ვალდემარ ფილიპმა მოირგო.
P.S. სწორედ ზაარელი საფეხბურთო ჩინოსნის, ჰერმან ნოიბერგერის იდეით დაფუძნდა 1962 წელს ბუნდესლიგა. იგი ასევე იყო 1974 წლის მუნდიალის მთავარი ორგანიზატორი და გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტი 1975 წლიდან გარდაცვალებამდე (1992 წ.), მისი მმართველობის დროს მოხდა გერმანიის და შესაბამისად აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის ფედერაციების გაერთიანებაც.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები