როკის ბირმინგემელი ლეგენდა მძიმე მეტალის ბენდის, Black Sabbath-ის მთავარი ვოკალისტი იყო და უამრავი გამორჩეული ალბომის გამოშვება მის სახელთანაა დაკავშირებული.
ამის გარდა, ოსბორნი ასტონ ვილას ცნობილი გულშემატკივარი გახლდათ და სტადიონზეც ხშირად შევამჩნევდით მას. ვილა პარკმა სულ ახლახანს უმასპინძლა Black Sabbath-ის გამოსამშვიდობებელ შოუს, რომელიც სამწუხაროდ, ოსბორნის ბოლო პერფორმანსი აღმოჩნდა.
ამასთან, 2024/25 წლების სეზონში ვილამ და მისმა გულშემატკივრებმა რამდენჯერმე გამოხატეს პატივისცემა ლეგენდის მიმართ.
სეზონის დასაწყისში კლუბმა ადიდასის ახალი ფორმა საინტერესო ვიდეოთი სწორედ ოზისთან და Black Sabbath-ის ბასისტ გიზერ ბატლერთან ერთად წარადგინა.
ვილას ჩემპიონთალიგური კამპანია 2024/25 წლების სეზონში ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო. უნაი ემერის გუნდმა არაერთი გამარჯვება მოიპოვა მეოთხედფინალის გზაზე და ლიგის ფაზაში საუკეთესო 8 გუნდშიც გავიდა.
პლეიოფამდე ბოლო მატჩში, ვილამ გადაწყვიტა ოსბორნის მიმართ პატივისცემა გამოეხატა და სელტიკთან მოგებული მატჩის წინ დიდი ბანერი (ტიფო) გამოფინა. თამაშის დაწყებამდე მაყურებელმა ბნელეთის პრინცის უზარმაზარი გამოსახულება იხილა ტრიბუნაზე.
ასტონ ვილამ ამ ყველაფერს ახსნაც მოაყოლა: "გლობალური სახითა და ლოკალური გულისცემით კლუბის მემკვიდრეობის აღნიშვნისას, ბნელეთის პრინცი გამოხატავს ასტონ ვილას საწყისებს და აკავშირებს მძიმე მეტალისა და ფეხბურთის სამყაროებს.
ცოცხალი ლეგენდა, ვილას გულშემატკივრების მსგავსად, სიამაყით ატარებს კლუბის ფერებს საზღვრებს მიღმა. ჩვენ ერთად ვზეიმობთ ჩვენს ფესვებს, ვნებასა და გამარჯვებისკენ სწრაფვას."
ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო მხარეებს შორის, როცა მათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
2023/24 წლების სეზონში, რომელიც ვილას ბოლო დროის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, Crazy Train ვილა პარკზე გუნდის მთავარ, გამხსნელ სიმღერად გამოიყენებოდა.
წარსულში თავად ოსბორნსაც არაერთხელ უჩვენებია თავისი ვილანობა. 1991 წლის ალბომში No More Tears, ტრეკი A.V.H გამოხატავს Aston Villa Highway-ს, რომელიც კლუბის მიმართ მის დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
მიუხედავად სუპერვარსკვლავობისა, ოზი ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო და ბირმინგემელ ხალხთან ფანტასტიკური ურთიერთობა ჰქონდა. ოსბორნის გარდაცვალებამ ვილას ბევრ გულშემატკივარში დიდი მწუხარება გამოიწვია, განსაკუთრებით სულ რაღაც 2 კვირის წინ სტადიონზე მისი ბოლო გამოჩენის შემდეგ.
ვიმედოვნოთ, რომ სეზონის დაწყებისას ვილა კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს როკვარსკვლავს.