საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ინტენსიურ მზადებას გადის.
25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ჩვენი დედაქალაქი B ლიგის მეორე ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, სადაც ტატა მატვეევას გაწვრთნილი გუნდი ჩაერთვება.
ქართველი გოგონების მეტოქეები ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის, უელსისა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. მატჩების განრიგი უკვე ცნობილია:
25 ოქტომბერი: საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
28 ოქტომბერი: უელსი - საქართველო
31 ოქტომბერი: ლუქსემბურგი - საქართველო
ტურნირის მთავარი მიზანი 2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურის მოპოვებაა, რომელსაც ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანიც დაისაკუთრებს.
აღსანიშნავია, რომ გუნდის შემადგენლობაში უმეტესად ადგილობრივი კლუბების (რუსთავი, მართვე, ნორჩები, კოლხეთი, კვარტალი და სხვ.) ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი, თუმცა ნახევარდაცვის ხაზს ორი ლეგიონერიც აძლიერებს - მიხალ გოგოლაძე ისრაელის მაკაბი ჰადერადან და ნატალია გუგულაშვილი ესპანური ფუენლაბრადადან.