თითქმის ყველა ტოპ ჩემპიონატში (იტალიის გამოკლებით) ჩემპიონი გარკვეულია, ოქროს ბუცისთვის კი გაჩაღებული ბრძოლა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ტოპ 5 ჩემპიონატში ერთი გატანილი გოლი ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში 2 ქულით ფასდება, ტოპ 5 ჩემპიონატებს მიღმა გატანილი თითო გოლი კი 1.5 ქულას უდრის.
მიუხედავად 1.5 ქულიანი კოეფიციენტისა, ბრძოლას ამ წუთისთვის სპორტინგის ფორვარდი ვიქტორ გიოკერეში ლიდერობს, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატში 39 გოლი გაიტანა და 58.5 ქულა აქვს.
მეორე ადგილზე კილიან მბაპეა, რომელმაც ლა ლიგაში 29 გოლის გატანა შეძლო და 58 ქულა აქვს.
ბრძოლას გამოეთიშა ჰარი კეინი - ინგლისელმა ბუნდესლიგა 26 გოლით დაასრულა და კონკურენტების დაწევის შანსი გაუშვა ხელიდან. ამ წუთისთვის, პრიზისთვის ყველაზე აქტიურად გიოკერეში, მბაპე და სალაჰი იბრძვიან. თუმცა, თუ შვედისთვის ჩემპიონატი დასრულებულია და ის 58.5 ქულაზე მეტს ვეღარ დააგროვებს, მბაპეს წინ კიდევ ერთი მატჩი აქვს, სალაჰს კი - სულაც ორი.
ამ წუთისთვის ტოპ 5 ასე გამოიყურება:
1. ვიქტორ გიოკერეში - 58.5 ქულა (39 გოლი)
2. კილიან მბაპე - 58 ქულა (29 გოლი)
3. მოჰამედ სალაჰი - 56 ქულა (28 გოლი)
4. ჰარი კეინი - 52 ქულა (26 გოლი)
5. რობერტ ლევანდოვსკი - 50 ქულა (25 გოლი).
ლა ლიგის ბოლო ტურში მბაპე სანტიაგო ბერნაბეუზე სოსიედადს დაუპირისპირდება, სალაჰს კი ლივერპულთან ერთად წინ ბრაიტონთან და კრისტალ პალასთან მატჩები ელოდება.