ქართველი კალათბურთელი, ბექა ბურჯანაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს ვერ დაეხმარება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოთამაშის მცირე ტრავმასა და სასურველი ფორმის აღდგენის პროცესს უკავშირდება.
ესპანური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა კალათბურთელმა გუნდის მიმართ ერთგულება გამოიჩინა და სევილიაში ვარჯიშის გაგრძელება არჩია, რათა საკლუბო სეზონში სრულყოფილად ჩაერთოს. ბურჯანაძემ, რომელსაც 9 თვის განმავლობაში ოფიციალური მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული, კახა 87-ის რიგებში ბურგოსის წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრაში რამდენიმე წუთი ითამაშა, თუმცა კონდიციების ნაკლებობის გამო, მომდევნო მატჩი (ოურენსესთან) გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას მიიღებს. ეროვნულ გუნდს ჯგუფში ამჟამად 5 მოგება და 3 მარცხი უფიქსირდება.