ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ (HNS) პორტუგალიასთან მერვედფინალში დრამატული მარცხის (1:2) შემდეგ ფიფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა.
ხორვატები მსაჯებსა და ვიდეორეფერის ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, რამაც მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაუსრულა.
სკანდალის მიზეზი მატჩის ბოლო წამებზე იოშკო გვარდიოლის მიერ გატანილი გათანაბრების გოლი გახდა. თავიდან გოლი ჩაითვალა, თუმცა VAR-მა ის Adidas Trionda-ს ბურთში ჩამონტაჟებული სპეციალური სენსორის მონაცემებით გააუქმა, მიკროსკოპულმა შეხებამ იგორ მატანოვიჩის თმაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის სპიკერმა, ტომისლავ პაცაკმა განაცხადა:
ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს წერილი გავუგზავნეთ, სადაც ღრმა იმედგაცრუება გამოვხატეთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენება. ბურთის სენსორმა აჩვენა მატანოვიჩის არარსებული შეხება და გოლი ფეხბურთის წესებისა და სულისკვეთების საწინააღმდეგოდ გაუქმდა. ვითხოვთ დეტალურ განმარტებას ყველა გადაწყვეტილებაზე
ხორვატები პორტუგალიის სასარგებლოდ დანიშნულ პენალტსაც აპროტესტებენ, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. მატჩის შემდეგ ორმაგი სტანდარტების გამო ფიფა ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმაც მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური წვრილმანები დიდ ტურნირებზე ყოველთვის პატარა ქვეყნების წინააღმდეგ მუშაობს.