დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, თავად ჩაბი ალონსო ამ ზაფხულს ინგლისში ტრიუმფალური დაბრუნებისთვის ემზადება.
მწვრთნელის გარემოცვიდან მიღებული ინფორმაციით, რეალ მადრიდის, ლივერპულისა და ბაიერნის ყოფილი ვარსკვლავი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უდიდესი კლუბის სადავეებს ჩაიბარებს.
მიუხედავად ახალგაზრდობისა (ის მხოლოდ 44 წლისაა), ბასკ სპეციალისტს სამწვრთნელო საქმიანობის თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წელს კარიერის დასრულების შემდეგ მან რეალ მადრიდის 14-წლამდელთა გუნდში დაიწყო მუშაობა, პირველი სერიოზული ნაბიჯი კი რეალ სოსიედად B-ში გადადგა, რომელიც ესპანეთის მესამე დივიზიონიდან სეგუნდაში აიყვანა. მისი კარიერის პიკი ბაიერნ ლევერკუზენს უკავშირდება, გუნდს, რომელიც ბუნდესლიგის ფსკერზე იყო, ალონსომ ისტორიული, დაუმარცხებელი სეზონი (2023-24) აჩუქა და ბაიერნის მრავალწლიანი დომინაცია დაასრულა.
თუმცა, ჩაბის ტრიუმფი ლევერკუზენში შიდა დაპირისპირებებმა შეაფერხა. ფეხბურთელები მის კომუნიკაციის სტილს აკრიტიკებდნენ, რასაც 2024-25 წლების სეზონში სუსტი შედეგებიც დაემატა. ამის მიუხედავად, 2025 წლის ივნისში მან რეალ მადრიდში კარლო ანჩელოტი შეცვალა. ესპანეთში ალონსოს გუნდი მოედანზე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გასახდელში კონფლიქტები მწვავდებოდა. ალონსოს ხისტი და არაგამომგონებლური ლიდერობა მიუღებელი აღმოჩნდა იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც ანჩელოტის თავისუფალ სტილს იყვნენ შეჩვეულები. ვინისიუს ჯუნიორი და როდრიგო იმ ჯგუფის სათავეში ჩადგნენ, ვინც მწვრთნელს დაუპირისპირდა, რამაც გუნდი ორ ბანაკად დაყო. საბოლოოდ, იანვარში, სუპერთასის ფინალში ბარსელონასთან მარცხის შემდეგ, ხელმძღვანელობამ ალონსო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ახლა კი დასტურდება, რომ ალონსოს მოლაპარაკებები აქვს როგორც ლივერპულთან, ისე მანჩესტერ სიტისთან. პეპ გვარდიოლას წასვლაზე სიტიდან უკვე დიდი ხანია საუბრობენ, ხოლო ლივერპულში არნე სლოტის დარჩენა სათუოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს ან ასოციაციის თასს მოაგებინებს.
ორივე მხარისთვის ერთი პირობა მკაფიოა: ალონსო მხოლოდ საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად მოვა, რაც განხილვას არ ექვემდებარება. როგორც ჩანს, ალონსოსთვის პრიორიტეტული მისი ყოფილი კლუბი, ლივერპულია, თუმცა მანჩესტერ სიტისთვის „არას“ თქმა რთულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე გუნდი მისთვის შესაფერისი ადგილი იქნება.