არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალვარო არბელოამ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი პრესკონფერენცია გამართა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა — როგორც გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე, ისე საკუთარ ფილოსოფიაზე.
„მადრიდის რეალის პირველი გუნდის გაწვრთნა ჩემი ასრულებული ოცნებაა. სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ პოზიციას ახლავს და მას დიდი ენთუზიაზმით ვხვდები.
„ჩაბის წასვლის შესახებ მხოლოდ ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგე. ამის შემდეგ მას მაშინვე დავურეკე და გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი. ერთმანეთს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვეთ. დარწმუნებული ვარ ჩაბის ბრწყინვალე მომავალი ელის. კლუბში ყველამ იცის რამდენად ახლო მეგობრობა გვაკავშირებს. ძალიან ვაფასებ და მიყვარს ალონსო და ვიცი რომ ეს ურთიერთობა ორმხრივია. ასე იქნება მომავალშიც“.
კითხვაზე, არის თუ არა ის სრულფასოვანი მთავარი მწვრთნელი თუ დროებითი ფიგურა, არბელოამ აღნიშნა:
„კლუბის სისტემაში უკვე 20 წელია ვარ და აქ დავრჩები იმდენ ხანს რამდენ ხანსაც მადრიდის რეალს დასჭირდება. ეს ჩემი სახლია. ბედნიერი ვარ რომ პირველი გუნდის სათავეში მოვხვდი, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს“.
გუნდის არსებულ პრობლემებზე საუბრისას არბელოამ დეტალებში შესვლა არ ისურვა:
„რაც ჩაბისთან განვიხილე ჩვენ შორის დარჩება. მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ მატჩს მადრიდის რეალის სათავეში“.
ფეხბურთელების თავდადებასთან დაკავშირებული კრიტიკა:
„ბოლო მატჩებში ყველამ ვნახეთ როგორ იბრძოდნენ ფეხბურთელები ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვებისთვის. ჩემს განკარგულებაში არიან შესანიშნავი მოთამაშეები რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდში კვლავ არიან ფეხბურთელები, მათ შორის — კარვახალი, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა ექვსჯერ აქვთ მოგებული. ეს შემთხვევითი არ არის, სწორედ ამან აქცია მადრიდის რეალი ისტორიის საუკეთესო კლუბად“.
მისი თქმით გუნდის ერთგულებაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს:
„ფეხბურთელები 100 პროცენტით მადრიდის რეალის ერთგულები არიან. შეუძლებელია ამდენი ტიტულის მოგება მიზანდასახულობის გარეშე“.
ეგოისტ ფეხბურთელებზე:
„ეს საკითხი არ მაღელვებს. ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც არა მხოლოდ მაღალი კლასის არიან, არამედ ძლიერი მენტალიტეტიც აქვთ. არც ერთი მათგანი არ არის საკუთარ თავზე კონცენტრირებული, ყველას გამარჯვება უნდა. მე თვითონ მითამაშია მადრიდის რეალში და ზუსტად ვიცი რაზე ვსაუბრობ“.
მომავალზე საუბრისას მწვრთნელმა ოპტიმიზმი არ დამალა:
„წინ გრძელი სეზონია. კარგ პოზიციაში ვართ, რომ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და სურთ სეზონის მსვლელობის შემოტრიალება“.
თავის სათამაშო ფილოსოფიაზე არბელოამ აღნიშნა:
„120-წლიანი ისტორიის მქონე კლუბში კონკრეტული სტილის გამოყოფა რთულია. მე კარგად ვიცი რა მოთხოვნები აქვს მადრიდის რეალს და რას ელიან გულშემატკივრები. აქ კარგი თამაში გამარჯვებას ნიშნავს. ამ კლუბში მხოლოდ მოგებები ფასობს. ჩაბიმ თავის პირველ პრესკონფერენციაზე როკ-ენ-როლის ფეხბურთზე ისაუბრა. ჩემი ფილოსოფია კი გამარჯვებაა — სწორედ ის, რამაც მადრიდის რეალი ისტორიაში ყველაზე წარმატებულ კლუბად აქცია“.
აკადემიაზე საუბრისას არბელოამ განაცხადა:
„ჩემთვის მადრიდის რეალის აკადემია საუკეთესოა მსოფლიოში. კანტერის ფეხბურთელებმა იციან, რომ ახლა აქვთ შესანიშნავი შანსი მთავარ გუნდში ჩემთან ერთად იმუშაონ“.
ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე :
„მოურინიოსთან ყოველთვის ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და მისი ხელმძღვანელობით თამაში ჩემთვის დიდი პატივი იყო, თუმცა დანიშვნის შემდეგ ჯერ არ მისაუბრია. ჟოზემ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, მაგრამ მის მსგავსად ყოფნას არ ვაპირებ. მე საკუთარ თავად დავრჩები. მარცხის არ მეშინია. თუ მოურინიოს მიბაძვას ვეცდებოდი, ეს კატასტროფით დასრულდებოდა“.
ალბასეტესთან მატჩის მზადებაზე:
„ძალიან გამიმართლა, რომ ფიზმომზადების მწვრთნელი პინტუსი ჩემს შტაბშია. ის კარგად იცნობს ფეხბურთელებს და ყველამ ვიცით, რომ ანტონიოს მუშაობის მეთოდები შედეგს იძლევა. გუნდებმა, რომლებშიც ის მუშაობდა, ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგეს“.
ესპანელ არბიტრებზე დასმულ კითხვას ღიმილით უპასუხა:
„ამ კითხვას ახლა ნამდვილად არ ველოდი“ (იცინის).
ვინისიუს ჯუნიორის რეაქციაზე კლასიკოში შეცვლის შემდეგ :
„ვინისიუსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეს არის ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, როცა მას ვუყურებ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მოთამაშე მყავს. მადრიდის რეალის ყველა გულშემატკივარს უყვარს ვინისიუსი. სუპერთასის ფინალში ყველამ ვნახეთ მისი თამაში — სწორედ ასეთი მხიარული მოცეკვავე და მომღიმარი ვინი გვინდა ვიხილოთ“.
ბოლოს, არბელოამ აღნიშნა, რომ გუნდში ახალი ეტაპი იწყება:
„შეიცვლება თუ არა ზოგი ფეხბურთელის როლი? ჩემთან ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და ყველა მოთამაშე ამ ახალ ეტაპს დიდი სიხარულით ხვდება“.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები