გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდი დატოვა და კარიერას უდინეზეში გააგრძელებს.
26 წლის ქართველი ნახევარმცველი ვიკარიჯ როუდზე გატარებული თითქმის 3 წლის შემდეგ იტალიურ უდინეზეს შეუერთდა და კარიერას სერია A-ში განაგრძობს.
„გიორგის სურდა, ჩემპიონშიპში 3 სეზონის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობები სხვა ლიგაშიც გამოეცადა,“ - განაცხადა უოტფორდის ტექნიკურმა დირექტორმა ჯან ლუკა ნანიმ watfordfc.com-თან.
„როგორც კი ეს ნათელი გახდა, დავიწყეთ ისეთი ვარიანტის ძიება, რომელიც საუკეთესო იქნებოდა როგორც კლუბისთვის, ისე თავად ფეხბურთელისთვის.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული შეთავაზებების შემდეგ, ტექნიკურმა დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ კლუბში დარჩენილიყო. ამასთან, გიორგის მიეცემა შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე ითამაშოს იტალიის სერია A-ში.
გიორგი უოტფორდში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამორჩეული პროფესიონალი იყო. ვფიქრობთ, მის კარიერაში სწორედ ახლა დადგა შესაფერისი დრო, რათა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ გამოსცადოს საკუთარი ძალები.
გიორგის მადლობას ვუხდით უოტფორდში გაწეული შრომისა და ნაჩვენები თამაშისთვის და ინტერესით დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მისი კარიერა უდინეზეში.“
ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალური გვერდის მეშვეობით იტალიურმა კლუბმაც დაადასტურა.
გიორგი ჩაკვეტაძემ უდინეზესთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, პლუს ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით.