-
Aa
+
ფონტის ზომა
გრძელი ქერა თმითა და წვერით ოსტინ მაკფი უფრო მძიმე როკის ვარსკვლავს ჰგავს, ვიდრე ფეხბურთის მწვრთნელს. თუმცა ადამიანები, რომლებიც მასთან მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ის მშვიდი, ლოგიკური და დეტალებზე ორიენტირებული სპეციალისტია, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სტანდარტული მდგომარეობები, ნამდვილ ხელოვნებად აქცია. - წერს ბრიტანული The Telegraph.
46 წლის შოტლანდიელი ამ ზაფხულს ჩელსის შეუერთდა, რომელმაც მის გადასაბირებლად ასტონ ვილას კომპენსაციაც გადაუხადა. მაკფი უკვე ითვლება პრემიერ ლიგის ყველაზე ცნობილ სტანდარტული მდგომარეობების მწვრთნელად.
ის იმ ახალი თაობის სპეციალისტებს მიეკუთვნება, რომლებიც დღეს თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ, როგორც მთავარი მწვრთნელები. მას შემდეგ, რაც წესები შეიცვალა და ტექნიკურ ზონაში ერთდროულად მხოლოდ ერთი ადამიანის ყოფნა გახდა შესაძლებელი, სტანდარტული მდგომარეობების დროს მაკფის მოედანთან მისასვლელად მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოს სკამზე უკან დახევა მოუწევს.
მაკფის კარიერული აღმასვლა შთამბეჭდავია. ათი წლის წინ ის მაიკლ ო'ნილის სამწვრთნელო შტაბში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მუშაობდა და გუნდს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა.
იმ ნაკრების ნახევარმცველმა ოლივერ ნორვუდმა გაიხსენა:
„ოსტინი ყოველთვის ძალიან მშვიდი ადამიანია. სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, მაგრამ მთლიანად სტანდარტულ მდგომარეობებზე მუშაობდა. ვიცოდით, რომ ტურნირზე სწორედ ეს შეიძლებოდა ჩვენი მთავარი იარაღი გამხდარიყო და ამ მიმართულებით დიდი შრომა ჩავდეთ. სწორედ ამან მოგვიტანა წარმატებაც როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისე ევროპის ჩემპიონატზე.“
ნორვუდის თქმით, მაკფი პენალტების შესრულებაზეც დეტალურად მუშაობდა:
ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, წარმატების პროცენტებიც კი. შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალია. ძალიან მიხარია, რომ ასეთ დონემდე მივიდა.
მაკფიმ სამწვრთნელო კარიერა შოტლანდიურ კაუდენბითსა და სენტ მირენში დაიწყო. შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში მოხვდა, რასაც მოგვიანებით მოჰყვა მუშაობა ჰართსში, შოტლანდიის ნაკრებსა და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში.
პორტუგალიის ყოფილმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ერთხელ განაცხადა, რომ მაკფისთვის სტანდარტული მდგომარეობები „ნამდვილი აკვიატება“ იყო. სწორედ ის ცდილობდა კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების თამაში მკვდარი ბურთებიდან კიდევ უფრო ეფექტური გაეხადა.
მაკფიმ 5 წელი ასტონ ვილაში გაატარა. ტექნიკურ ზონასთან დაკავშირებული ახალი წესების შემდეგ მისი როლი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. ვილას სტანდარტული მდგომარეობებიდან გატანილ გოლებს ის ემოციურად აღნიშნავდა, მაგალითად, მორგან როჯერსის მიერ ლივერპულის კარში გატანილ ბურთს, რომელიც სპეციალურად დამუშავებული კუთხურის გათამაშების შედეგად გავიდა.
სხვათა შორის, მორგან როჯერსიც ამ ზაფხულს ჩელსიში გადავიდა და 117 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი ფეხბურთელი გახდა. მაკფის ტრანსფერის თანხა ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ სტანდარტული მდგომარეობების მწვრთნელისთვის გადახდილი რეკორდული კომპენსაცია იყო.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე პრემიერ ლიგაში სტანდარტულ მდგომარეობებს. გასულ სეზონში არსენალი კუთხურებისა და საჯარიმოების შესრულებით ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. ახლა ჩელსი სწორედ მაკფის იმედად არის, რათა ამ მიმართულებით პროგრესი განიცადოს.
მიუხედავად იმისა, რომ ქაოსური სეზონის განმავლობაში, როდესაც გუნდს სამი სხვადასხვა მთავარი მწვრთნელი ჰყავდა, ჩელსიმ სტანდარტული მდგომარეობებიდან 21 გოლი გაიტანა, დაცვისას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მეტოქეებმა ამ გზით 19-ჯერ შეძლეს გოლის გატანა.
მაკფიმ ასტონ ვილაში შეტევითი სტანდარტულები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და მისი გავლენა განსაკუთრებით ევროპის ლიგის მოგების გზაზე გამოჩნდა. თუმცა პრემიერ ლიგაში ვილელებმა სტანდარტული მდგომარეობებიდან 16 გოლი გაუშვეს და სწორედ ამ კომპონენტის გაუმჯობესება იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სტემფორდ ბრიჯზე.
მაკფი ახალ გუნდში ჩასვლისთანავე საქმეში ჩაერთო. ჰონგ-კონგში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე მან მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო და მხოლოდ დაკვირვებით არ შემოიფარგლა.
იუვენტუსთან ამხანაგური მატჩის შესვენებაზე ის სათადარიგო ფეხბურთელებს ინსტრუქციებს აძლევდა, როდესაც ისინი გასახურებლად ემზადებოდნენ. ტურის დასაწყისში კი ჩელსიმ ვესტერნ სიდნი უონდერერსთან კუთხურიდან გაუშვა გოლი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია.
დღეს სტანდარტული მდგომარეობების მწვრთნელებზე ზეწოლაც გაცილებით დიდია, რადგან ისინი მატჩისთვის მომზადების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურებად იქცნენ.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გრემ ტეილორმა დოკუმენტურ ფილმში An Impossible Job თქვა:
არსებობს რაღაცები, რაც არასდროს იცვლება. სანამ თამაშის წესები არ შეიცვლება, სტანდარტული მდგომარეობები ყოველთვის მოიგებს და წააგებინებს მატჩებს. თუ ამას უგულებელყოფ, აუცილებლად დაზარალდები.
გასული წლის დეკემბერში ლივერპულმა სტანდარტული მდგომარეობების მწვრთნელი აარონ ბრიგსი გაათავისუფლა, რადგან ამ მიმართულებით ცვლილებები სურდა. არსენალის სპეციალისტი ნიკოლა ჟოვერი კი, გავრცელებული ინფორმაციით, ბონუსსაც იღებს ყოველ ჯერზე, როდესაც გუნდი სტანდარტული მდგომარეობიდან გოლს იტანს.
იმ ფონზე, როდესაც პრემიერ ლიგის კლუბების ხელმძღვანელები ხშირად ცდილობენ მთავარი მწვრთნელების გამოსასყიდი თანხების გადახდას თავი აარიდონ, ჩელსიმ სიამოვნებით გადაიხადა კომპენსაცია, რათა ოსტინ მაკფი ასტონ ვილადან გადაებირებინა. ეს ნათლად მიუთითებს, რომ შოტლანდიელ სპეციალისტს ჩელსის ახალ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ექნება, რადგან ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგის სათავეში დაბრუნებას ცდილობს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები