-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრენტფორდი კიტ ენდრიუსის ხელმძღვანელობით ჩემპიონატში თავისი ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიის დამყარებას შეეცდება, მეტოქე კი ჩაბი ალონსოს შედეგიანი ჩელსი იქნება.
ბრენტფორდმა პრემიერ ლიგის სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და 4 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია (1 მოგება, 3 ფრე), თუმცა გუნდს შესაძლოა იმედგაცრუებაც ჰქონდეს, რადგან ოთხივე შეხვედრაში ანგარიში პირველმა გახსნა და მეტი ქულის მოპოვებაც შეეძლო.
მიუხედავად ამისა, ეს სერია კიტ ენდრიუსისთვის წარმატებულია, ბორნმუთთან ბოლო ფრის შემდეგ მან ბრენტფორდის მწვრთნელის რანგში ჩემპიონატში თავისი ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია გაიმეორა (1 მოგება, 5 ფრე).
ფრეები გუნდისთვის უკვე დიდი ხანია პრობლემად იქცა, ბრენტფორდის ბოლო 14 მატჩიდან 10 ფრედ დასრულდა (2 მოგება, 10 ფრე, 2 მარცხი).
გარკვეულ იმედს ის ფაქტი იძლევა, რომ ორივე გამარჯვება გუნდმა შინ, ლონდონური მეტოქეების წინააღმდეგ მოიპოვა, თუმცა ეს ბოლო 10 საშინაო მატჩში მათი მხოლოდ 2 მოგებაა (6 ფრე, 2 მარცხი).
ჩელსი პრემიერ ლიგაში წარმატებული სტარტის მქონე ჰალ სიტის მორიგი მსხვერპლი გახდა, ლონდონელებმა საკუთარ მოედანზე ადრეული უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ 2:2 ითამაშეს.
ბრენტფორდთან ერთად ჩელსი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონატის ყველა მატჩში ანგარიში პირველმა გახსნა, თუმცა დაცვაში არსებული პრობლემების გამო პირველი 4 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო (1 ფრე, 1 მარცხი).
ეს ჩაბი ალონსოსთვის პრობლემაა, თუმცა ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ჩელსის მატჩები სანახაობრივი გამოდის.
პრემიერ ლიგაში მათი შეხვედრებისას ჯამში უკვე 19 გოლი გავიდა, რაც ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (10 გატანილი, 9 გაშვებული).
ბრენტფორდს ჩელსის წინააღმდეგ ჩემპიონატის საშინაო მატჩი ჯერ არასდროს მოუგია, თუმცა ამ გუნდების ბოლო 4 შეხვედრა ბრენტფორდის მოედანზე ფრედ დასრულდა.
ზოგადად კი, ჩელსი პრემიერ ლიგაში ამ გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში დაუმარცხებელია (2 მოგება, 3 ფრე).
ბრენტფორდის ბოლო 9 მატჩიდან 8-ში მინიმუმ 4 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა.
ბრენტფორდს პარასკევს ჩატარებული პრემიერ ლიგის მატჩი არასდროს წაუგია (5 მოგება, 1 ფრე).
ჩელსის ბოლო 9 მატჩიდან 8-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.
ჩელსიმ პრემიერ ლიგის ზედიზედ 20 შეხვედრაში ვერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.
კევინ შადეს მიერ ბრენტფორდის მაისურით გატანილმა ბოლო 4-ვე გოლმა გუნდს ფრის მოპოვებაში შეუწყო ხელი. მათ შორის 3 მიმდინარე სეზონში გაიტანა. მან ანგარიში ამავე გუნდების გასული სეზონის შესაბამის შეხვედრაშიც გახსნა, რომელიც 2:2 დასრულდა.
ჩელსის მორგან როჯერსმა პრემიერ ლიგის ბოლო 5-ვე მატჩში ან გაიტანა, ან საგოლე გადაცემა შეასრულა (4 გოლი, 2 ასისტი). მისი ბოლო 2 გოლი შეხვედრის პირველი 10 წუთის განმავლობაში გავიდა და ორივეჯერ ანგარიში სწორედ მან გახსნა.
ბრენტფორდის კაპიტანი ნეითან კოლინსი კვლავ ტრავმირებულია და ამ მატჩს გამოტოვებს. ჩელსის მოისეს კაისედომ ჰალ სიტისთან შეხვედრა გამოტოვა, თუმცა ამ დერბისთვის შესაძლოა დაბრუნდეს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ჟოაო პედრო, რომელიც სანაკრებო შეკრებაზე ბრაზილიასაც დააკლდება.
ექსპერტების აზრით, ამ მატჩში გოლის გატანას ორივე გუნდი შეძლებს და მინიმუმ 3 გოლსაც ვიხილავთ, რადგან ორივე მათგანის მატჩები ხშირად უხვგოლიანია.
ბრენტფორდი - კელეჰერი; ჰიკი, აიერი, შუსტერი, დიუფი; სანგარე, იანელტი; ანტონი, იარმოლიუკი, შადე; ტიაგო
ჩელსი - მარტინესი; ფოფანა, ლაკრუა, კოლუილი; ნეტუ, ჯეიმსი, ლავია, ჩავარია; პალმერი, უელბეკი, როჯერსი
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები