-
Aa
+
ფონტის ზომა
რუუდ გულიტი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ფენომენი იყო. სანამ ის გამოჩნდებოდა, ჰოლანდიურ ფეხბურთს მისნაირი არავინ ენახა: მაღალი, ათლეტური და ერთმნიშვნელოვნად შესამჩნევი ეგზოტიკური გარეგნობის მოთამაშე, რომელიც სისწრაფეს, დახვეწილ ტექნიკასა და ელეგანტურობას აერთიანებდა.
სურინამული წარმოშობის მქონე „ოქროს ბურთის“ მფლობელის ყველაზე თვალსაჩინო თვისება ისაა, რომ კარიერის დასრულებიდან ათწლეულების შემდეგაც კი, მისი თამაშის სტილი განხილვას არ ექვემდებარება. ლიბერო, ნახევარმცველი, ფლანგის მოთამაშე და თავდამსხმელი — კარიერის სხვადასხვა ეტაპზე გულიტმა თითოეულ პოზიციაზე გამოიჩინა თავი. მას შემდეგაც კი, რაც „მილანთან“ და ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ევროპა დაიპყრო, კარიერისა და ფორმის პიკზე ყოფნისას, ის მაინც ცენტრალურ მცველად დაბრუნებას ითხოვდა…
„მას ისეთი ფიზიკური ძალა ჰქონდა, ნებისმიერ ადგილას შეეძლო თამაში. პირველად რომ ვნახე, ბარსელონაში ტურნირზე იყო და ლიბეროდ თამაშობდა, შემდეგ მარჯვენა ფრთაზე იდგა, მერე ნახევარდაცვაში, მეორე თავდამსხმელად და კიდევ სხვაგან,“ — იხსენებს „მილანში“ ყოფილი თანაგუნდელი რობერტო დონადონი.
„ვფიქრობ, ის მსოფლიოში ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც ყველა პოზიციაზე საუკეთესო იყო: მარჯვენა მცველი, ცენტრალური მცველი, მარცხენა მცველი, ლიბერო, საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, თავდამსხმელი, მარჯვენა გარემარბი – მნიშვნელობა არ ჰქონდა,“ — ეს სიტყვები კი რუუდ გულიტის ეინდჰოვენელ თანაგუნდელს, რენე ვან დერ გეიპს ეკუთვნის.
ამსტერდამის ქუჩის ფეხბურთის კულტურის პროფესიონალურ სპორტში შეტანით, გულიტის ფიზიკურმა ძალამ და მრავალმხრივობამ ის მწვერვალამდე აიყვანა. ჯორჯ ბესტმა, ტექნიკისა და თვალისმომჭრელი თამაშისადმი ერთგული გენიოსმა, გულიტში გადამდები ბედნიერება დაინახა, რასაც ყველაფერზე მეტად აფასებდა. 1990 წელს მან თქვა: „ის ნებისმიერი სტანდარტით დიდებული მოთამაშეა. არ ეშინია ბურთით სასურველი რამეების კეთება. თან ისე გამოიყურება, თითქოს თითოეული წამით ტკბება. ჩემი აზრით, ზუსტად ეს ხდის მას მარადონაზე უკეთეს ფეხბურთელად.“
იქამდე, სანამ დიდ დიეგო მარადონას შეადარებდნენ, „ოქროს ბურთს“ მოიგებდა და სახელს მოიხვეჭდა, გულიტი ამსტერდამში მცხოვრები 15 წლის ჭაბუკი ფეხბურთელი იყო, რომელიც სახელოვანი „აიაქსისგან“ შეთავაზებას ელოდა. საქმეში ექსცენტრიკული უელსელი მწვრთნელი, ბარი ჰიუზი ჩაერთო და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ევროპული ფეხბურთის მიმართულება შეცვალა.
ჰიუზს დიდი გავლენა ჰქონდა „ჰაარლემში“, სადაც ორ სხვადასხვა პერიოდში (1968-1970 და 1973-1980 წლები), ჯამში ცხრა წელი იმუშავა მთავარ მწვრთნელად. ჰოლანდიური კარიერის მიწურულს მან კლუბის ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი გაჩარხა, როდესაც 1977 წელს ჯორჯ და რია გულიტების სახლში მივიდა მათი ვაჟის გადასაბირებლად, რომლის თამაშითაც უკვე მოხიბლული იყო.
საპირისპიროდ, სურინამელი ემიგრანტი მამა ელოდა, რომ მსგავსი შეთავაზებით „აიაქსის“ ლეგენდარული მწვრთნელი რინუს მიხელსი ეწვეოდა და ამჩნევდა, რომ თავისი ვაჟის დედას შვილის სათანადო განათლება უფრო აწუხებდა…
ბარი ჰიუზი გულიტებს ზუსტად ერთ წელიწადში, იგივე დღეს და იმავე საათზე დაუკავშირდა და ისტორიული ტრანსფერიც შედგა.
„ჰაარლემში“ გადასვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, რუუდ გულიტს დიდ გუნდში დებიუტი 16 წლისა და 245 დღის ასაკში ჰქონდა და იმ დროისთვის ერედივიზის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა. ის უმალ იქცა სასტარტო შემადგენლობის მუდმივ წევრად ლიბეროს პოზიციაზე და თავისი კარიერის პირველი დიდი იმედგაცრუებაც იგემა — ნიდერლანდების ჩემპიონატიდან გავარდნა.
მომდევნო, 1980-81 წლების სეზონში კლუბმა ფეხბურთელის კარიერისთვის გარდამტეხი გადაწყვეტილება მიიღო და ის უფრო შემტევ პოზიციაზე გადაიყვანა. უკანა ხაზზე თამაშის გამოცდილებამ ახალგაზრდა რუუდს მცველებთან პირისპირ აღმოჩენისას უპირატესობა მისცა. იმ სეზონში გულიტმა 14 გოლი გაიტანა და ეერსტე დივიზის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, „ჰაარლემმა“ კი ელიტაში დაბრუნება შეძლო. ერედივიზიში დაბრუნებულმა გულიტმა იგივე რაოდენობის გოლები შემტევი ნახევარდაცვიდან და ფლანგიდან გაიმეორა, პარალელურად კი თანაგუნდელებს მომენტებს უქმნიდა.
„ჰაარლემმა“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ გულიტი იმ პატარა გარემოსთვის უკვე დიდი იყო და კლუბის UEFA-ს თასის სადებიუტო ევროპულ თავგადასავალს აღარ დაელოდა… მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მამის ოცნება რეალობად ექცია და ჩემპიონ „აიაქსში“ გადასულიყო, რუუდი როტერდამის „ფეიენოორდში“ წავიდა, რომელმაც ბოლო პირველობა მეექვსე ადგილზე, „ჰაარლემზე“ ორი პოზიციით ქვემოთ დაასრულა.
19 წლის ფეხბურთელმა როტერდამში სადებიუტი სეზონის მიწურულს მტკივნეული მარცხი იწვნია, როდესაც „დე კუიპზე“ გამართულ მატჩში მასპინძლები სტუმარმა „ჰაარლემმა“ 3:1 დასაჯა. გულიტმა ყოფილ გუნდს თავით გაუტანა.
იმ სეზონში (1982-83) რუუდ გულიტმა 8 გოლი მიითვალა, „ფეიენოორდმა“ კი მეორე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა: 36 წლის ვეტერანი იოჰან კრუიფი, რომელიც მშობლიური „აიაქსის“ შეთავაზებულ კონტრაქტზე განაწყენდა, საპირისპიროდ როტერდამელთა თამამ წინადადებას დათანხმდა და ამსტერდამული გრანდის პრინციპულ მეტოქეს შეუერთდა.
ლეგენდარულმა გამთამაშებელმა, რომელსაც „ბუცებიან პითაგორას“ ეძახდნენ, პრაქტიკულად გუნდი ჩაიბარა: თამაშის დროს თანაგუნდელებს კარნახობდა, სავარჯიშო განრიგს ადგენდა, შემადგენლობას არჩევდა და რაც ყველაზე მთავარია, ბურთთან ის კვლავ ხელშეუხებელი იყო.
„ფეიენოორდმა“ მეტოქეების ჩაგვრა დაიწყო, რა დროსაც ძველი ოსტატი და მისი ახალგაზრდა მოსწავლე მოწინააღმდეგეებს ანადგურებდნენ. დუეტი ერთმანეთს უქმნიდა გოლებს, ზოგჯერ კი ერთსა და იმავე მატჩში იტანდნენ. მცველებისთვის მათი შეჩერება შეუძლებელი იყო, სანამ მთავარმა კონკურენტმა „აიაქსმა“ ერედივიზის მე-7 ტურში როტერდამულ კლუბს პირველი მარცხი არ აგემა.
იოჰან კრუიფის ამსტერდამში დაბრუნებაზე უარესი ვერაფერი იქნებოდა: 25-ე წუთისთვის როტერდამელები უკვე სამი ბურთით მარცხდებოდნენ, მაგრამ გულიტის საგოლე გადაცემამ და „ფეიენოორდის“ კიდევ ერთმა გოლმა მათ შესვენებაზე შანსი დაუტოვა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ტეის ლიბრეგტსის გაწვრთნილმა გუნდმა მრისხანე მეტოქის შტურმს ვერ გაუძლო და ბოლო 30 წუთში ხუთი გოლი გაუშვა… ხსენებულ მატჩში თავი ჰეთ-თრიქით ისახელა 18 წლის მარკო ვან ბასტენმა.
მაშინ გამარჯვება ორ ქულად ფასობდა, „ფეიენოორდმა“ კი შემდგომ მატჩებში აჩვენა, რომ ძალა შესწევდა მარცხის მოსანელებლად, ამიტომ კრუიფი არ ნერვიულობდა, მისი თქმით, ეს უფრო გარდატეხის მომენტი იყო.
„აიაქსთან“ განმეორებით შეხვედრამდე „ფეიენოორდმა“ ზედიზედ 14 მატჩი ჩაატარა წაუგებლად და ამსტერდამელებთან ჯახამდე ერთი კვირით ადრე სტუმრად „გრონინგენთან“ 0:1 წააგო.
ორ მარცხს შორის პერიოდში გულიტმა 9 გოლი გაიტანა, მათ შორის – ჰეთ-თრიქი „ჰაარლემთან“, „აიაქსთან“ პრინციპულ მატჩში კი ანგარიში მე-12 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან გახსნა. ვეტერანმა კრუიფმა ორ წუთში უპირატესობა გააორმაგა და „ფეიენოორდმა“ საბოლოოდ 4:1 იმარჯვა.
1983-84 წლების სეზონში როტერდამულმა კლუბმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი ტიტულები მოიგო: ქვეყნის პირველობა და თასი, რომლის გზაზე ორრაუნდიან დაპირისპირებაში კვლავ სძლია „აიაქსს“.
კლუბის საუკეთესო მეგოლე პეტერ ჰაუტმანი გახდა, რომელიც ერედივიზის საუკეთესო ბომბარდირობაში 28 გოლიან მარკო ვან ბასტენს ჩამორჩა. გულიტმა ჩემპიონატში 15, ხოლო თასზე 9 გოლი მიითვალა და ფეხბურთელებს შორის გამოკითხვით, წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მედიამ კი ჯილდო კრუიფს გადასცა, რომელმაც დიადი კარიერის უკანასკნელი სეზონი ერედივიზიში 11 გოლით დაასრულა.
როტერდამში კიდევ ერთი იმედისმომცემი, მაგრამ ტრავმებით დამძიმებული სეზონის შემდეგ, რუუდ გულიტმა სკანდალური ნაბიჯი გადადგა და „პსვ“-ში გადავიდა, სადაც გუნდში თანამემამულეები – მეკარე ჰანს ვან ბრეუკელენი, ჰუუბ სტევენსი, ბერი ვან აარლე, ერნი ბრანდტსი, მიშელ ვალკე, ვილი ვან დე კერკჰოფი, რენე ვან დერ გეიპი, ბელგიელი ერიკ გერეტსი, ნორვეგიელი ჰალვარ თორესენი, ასევე დანიელები – იან ჰაინცე და ფრანკ არნესენი დახვდნენ.
1985-86 წლების სეზონის ერთ-ერთ პირველ მატჩში ეინდჰოვენური კლუბი „აიაქსს“ დაუპირისპირდა, რომელსაც ახლა უკვე კრუიფი წვრთნიდა. გულიტმა ანგარიში გახსნა, როდესაც ცენტრში „აიაქსის“ უყურადღებო პასი შესანიშნავად წაიკითხა, სწრაფი რეიდი მოაწყო და სტენლი მენზოს კარი აიღო, შემდეგ ცაცია ძლიერი დარტყმით ანგარიში გააორმაგა, უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში კი ვან დერ გეიპსაც გაატანინა და საბოლოოდ „პსვ“-მ ამსტერდამში სტუმრად 4:2 მოიგო.
იან რეკერის გუნდმა მთავარი კონკურენტები, მეორეადგილოსანი „აიაქსი“ რვა ქულით, ხოლო მესამეადგილოსანი „ფეიენოორდი“ 16 ქული ჩამოიტოვა და ჩემპიონის ტიტული 60 ქულითა და მხოლოდ 1 მარცხით, ბოლო რვა წელიწადში პირველად იზეიმა. 23 წლის ასაკში რუუდ გულიტი ზედიზედ მეორედ დასახელდა ჰოლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
1986-87 წლებისთვის ჰანს კრააის გუნდმა „აიაქსიდან“ ეროვნული ნაკრების წევრები, რონალდ კუმანი და გერალდ ვანენბურგი დაიმატა, ხოლო „ფეიენოორდიდან“ – დანიელი მცველი ივან ნილსენი.
რუუდ გულიტმა ქვეყნის პირველობის 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა, გუნდმა კი ზედიზედ მოიგო ჩემპიონობა.
სეზონის მიმდინარეობისას, ჰოლანდიელ ვარსკვლავს პოზიციების მუდმივი ცვლა მობეზრდა და კონფლიქტი მოუხდა მწვრთნელთან, რომელიც გულიტის გუნდიდან გაშვებას ითხოვდა. კლუბის ხელმძღვანელობამ ცხადია, უარი თქვა ლიდერი მოთამაშის გაყიდვაზე, ჰანს კრააის შეელია და გუნდი მის ახალგაზრდა ასისტენტს, გუუს ჰიდინკს ჩააბარა.
მალევე გაირკვა, რომ „მილანი“ გულიტის კონტრაქტზე უკვე მუშაობდა და ფეხბურთელის მიერ მთავარ მწვრთნელთან შექმნილი კონფლიქტიც მისი იტალიაში გასხვისების გეგმის ნაწილი იყო…
გულიტი და მარკო ვან ბასტენი „მილანში“ ერთ პერიოდში გადავიდნენ და სადებიუტო იტალიურ სეზონში გუნდთან ერთად სერია A მოიგეს, იქამდე, 1987 წლის დეკემბერში, გულიტს ევროპის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო – პრესტიჟული „ოქროს ბურთი“ გადაეცა, ვან ბასტენი კი გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა.
სეზონის დასრულებისთანავე რუუდ გულიტი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, რომლის კაპიტნის სამკლავურს უკვე წლები ატარებდა.
რინუს მიხელსის დამოძღვრილმა ჰოლანდიელებმა საბჭოთა კავშირთან სადებიუტო მატჩი წააგეს, კაპიტანი კი მწვრთნელის კრიტიკის ქვეშ მოექცა — მიხელსის თქმით, იგი გუნდს ვერ დაეხმარა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
საბჭოთა ნაკრების უკანასკნელი დღეები
„მოედანზე მარკოსთან შესანიშნავი კონტაქტი მქონდა,“ — ამბობდა გულიტი, რომლის წინამძღოლობითა და ვან ბასტენის გოლებით, „ნარინჯისფერები“ ინგლისის, ირლანდიისა და მასპინძელი გერმანიის დამარცხების შემდეგ ფინალში გავიდნენ.
მიუნხენურ ფინალში ანგარიში გულიტის ძლიერი თავურით გაიხსნა, რასაც მეორე ტაიმში ვან ბასტენის ფანტასტიური გოლი მოყვა. ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი საერთაშორისო თასი და ტიტული მოიპოვა.
მომდევნო სეზონის დაწყების წინ, ფრანკ რაიკაარდი, რომლის მამა ჰერმანიც სურინამიდან ნიდერლანდებში გულიტის მამასთან ერთად იყო ჩასული, თანამემამულეებს „მილანში“ შეუერთდა.
ჰოლანდიური ტრიო კონტინენტური დომინირების გასაგრძელებლად მზად იყო. UEFA-ს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის „რეალთან“ ფრის (1:1) შემდეგ, არიგო საკის „მილანმა“ ლეო ბეენჰაკერის გუნდი 5:0 გაანადგურა: კარლო ანჩელოტიმ და რობერტო დონადონიმ პირველი და ბოლო გოლები გაიტანეს, შუალედში კი ტრიომ ისახელა თითო გოლით თავი.
პირთამდე სავსე ბარსელონას „კამპ ნოუზე“ ბუქარესტის „სტიაუასთან“ ფინალიც უხვგოლიანი გამოდგა: გულიტმა და ვან ბასტენმა დუბლები შეასრულეს და ოცწლიანი პაუზის შემდეგ „როსონერის“ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული მოუტანეს.
მომდევნო სეზონი ჰოლანდიელისთვის მძიმე აღმოჩნდა. ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, სერია A-ში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, ჩემპიონთა თასზე კი ერთადერთხელ და ისიც ფინალში, სადაც ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და რაიკაარდმაც მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ მისი გადაცემით გაუტანა ლისაბონის „ბენფიკას.“
რუუდ გულიტი კიდევ ორი წელი დარჩა მილანში, მაგრამ ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით მისი როლი შემცირდა. სერია A-ს კიდევ ერთ გამარჯვებაში იგი პრაქტიკულად არ მონაწილეობდა და როდესაც „მილანმა“ 1993 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „მარსელთან“ წააგო, ის იჯარით გენუის „სამპდორიაში“ გაუშვეს, სადაც 15 გოლის გაიტანა შეძლო და გუნდს იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებაში დაეხმარა. „მილანმა“ მომდევნო სეზონის დასაწყისში უმალ დაიბრუნა ძველი ლიდერი, მაგრამ გულიტი უკვე აღარ იყო ჩვეულებისამებრ შეუჩერებელი, მრავალფეროვანი, სწრაფი და მომაკვდინებელი...
„ტრავმის შემდეგ ის აღარ ვიყავი, რაც მანამდე გახლდით. ფეხბურთის თამაშის სხვა წესზე გადაწყობა მომიწია, ტრავმისა და იმ დიდი პაუზის გამო, რამაც ფეხბურთს ჩამომაშორა. თამაში უნდა შემეცვალა და ისიც გასაგები იყო, რომ მილანში ჩემი როლი წინანდელზე ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა, რადგან იმ მომენტში როტაციის სისტემა შემოიღეს და მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება გვქონდა, ამიტომ ყველა მატჩში მონაწილეობა არ შემეძლო. როდესაც შეჩვეული ხარ შეხვედრების უმეტესობაში თამაშს და უცებ დასვენება გიწევს, მძიმეა,“ — იხსენებდა „ოქროს ბურთის“ 1987 წლის გამარჯვებული.
1995 წელს გულიტი გლენ ჰოდლის გაწვრთნილ „ჩელსიში“ გადავიდა და თავდაპირველად ისევ დაცვაში დაიწყო მოქმედება, მაგრამ მისი შემტევი ბუნება არ ცხრებოდა: ის რეგულარულად იწევდა წინ და მომენტების შექმნას იწყებდა…
იმ სეზონის ბოლოს ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოში ერიკ კანტონამ აჯობა. მალევე ჰოდლი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გულიტი 18 თვის განმავლობაში „ლურჯების“ მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. მან თავისი თავი 24-ჯერ შეიყვანა ძირითად შემადგენლობაში და ერთხელ „ტოტენჰემის“ კარშიც გაიტანა გოლი, თუმცა სათადარიგოთა სკამზე დარჩა, როდესაც „ჩელსიმ“ ასოციაციის თასის ფინალში „მიდლსბრო“ 2:0 დაამარცხა.
ჯანლუკა ვიალის ლონდონური ქრონიკა
მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის თებერვლისთვის ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფებოდა, გულიტი გაათავისუფლეს და მანაც საპასუხოდ „ნიუკასლი“ ჩაიბარა, რომელთან ერთადაც ასოციაციის თასის ფინალში კვლავ გავიდა, თუმცა უძლიერეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:2 დამარცხდა.
„ზოგჯერ მეცინება იმაზე, რომ არიან მწვრთნელები, რომლებსაც არასოდეს არაფერი მოუგიათ, მაგრამ მაინც მუშაობენ, მე „ჩელსისთან“ ერთად პირველივე სეზონში მოვიგე და „ნიუკასლთან“ ერთად ფინალში გავედი, სადაც სერ ალექსის უძლეველ გუნდთან წავაგე, მაგრამ მაინც მკაცრად დამსაჯეს და ეს ჩემი ხასიათიდან მოდის, რადგან პირდაპირი ადამიანი ვარ. მე ფეხბურთი მესმის და არაფრის დამტკიცება არ მჭირდება.“ — განმარტავს რუუდ გულიტი.
როგორც მასზე ამბობენ, ფეხბურთმა მიუსწრო იმ ადამიანს, რომელიც ყოველთვის დროზე წინ იყო, და ჩამორჩა მაშინ, როდესაც იგი ვეღარ დაეწია თანამედროვე ფეხბურთს.
ყველაფრის მიუხედავად, რუუდ გულიტი დღემდე რჩება ერთ-ერთ უდიდეს ჰოლანდიელ და ერთ-ერთ უდიდეს ევროპელად, ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია, იმ გამორჩეული სტილით, დამახასიათებელი მოქნილობითა და დასამახსოვრებელი მანერებით, რითაც უამრავი ქომაგის თვალში შთამბეჭდავ წარმოდგენას ქმნიდა.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები