მილანისა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, პაოლო მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ალკოჰოლის ტესტი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა. ავარიაში 2 ავტომობილი და 6 ადამიანი მონაწილეობდა - ყველამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო: ორმა გოგონამ (20 და 22 წლის), სამმა ახალგაზრდამ (19, 20 და 21 წლის) და თავად დანიელმა. კალიარის ნახევარმცველი დამატებითი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Sportmediaset-ის ინფორმაციით, ავარიის შემდეგ უმცროს მალდინის მართვის მოწმობა ჩამოართვეს. პოლიციის თანამშრომლების მიერ ადგილზე ჩატარებული შემოწმებისას ალკოტესტერმა პირველ გაზომვაზე 0.91 მგ/ლ, ხოლო მეორეზე 0.89 მგ/ლ აჩვენა. ახლა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ჩატარებული ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
აღნიშნულია, რომ 0.91 მგ/ლ მაჩვენებელი სისხლში 1.82 გ/ლ (გრამი ლიტრზე) ალკოჰოლის კონცენტრაციას შეესაბამება. იტალიური კანონმდებლობის თანახმად, 1.82 გ/ლ მაჩვენებელი დარღვევის მესამე და ყველაზე მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება (1.5 გ/ლ-ზე მეტი). ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება, რაც მართვის მოწმობის 1-იდან 2 წლამდე ვადით ჩამოერთმევასა და ავტომობილის კონფისკაციას ითვალისწინებს.
„დანიელი თავს კარგად გრძნობს და არანაირი დაზიანება არ მიუღია, მითუმეტეს სერიოზული“, - განაცხადა ფეხბურთელის ადვოკატმა, დანილო ბუონჯორნომ.