არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარული ჯანლუკა ვიალის (1964 - 2023) ნაყოფიერი საფეხბურთო კარიერის უკანასკნელი ეპიზოდი ლონდონის „ჩელსია“. იტალიელი ფეხბურთელის ინგლისში გატარებული დრო ლონდონური კლუბისთვის ეპოქის განმსაზღვრელი წლები გახდა, რამაც „არისტოკრატების“ ტიტულებით სავსე მომავალი მოიტანა.
როდესაც ჯანლუკა ვიალი 1996 წელს ლონდონში გადაბარგდა, ინგლისის პრემიერ ლიგა მხოლოდ ოთხი წლის დაარსებული იყო. 32 წლის ტიტულოვანი იტალიელი ალბიონზე სიახლის საძიებლად წავიდა, ბევრი ქომაგის აზრით კი, ფეხბურთელის ეს ნაბიჯი უცნაური და მცდარი იყო, თუმცა ლონდონური კლუბის გრანდად ქცევის საძირკველის ჩაყრაში ჯანლუკა ვიალის წვლილი მნიშვნელოვნად დიდია.
1996 წლის ზაფხულში გლენ ჰოდლმა „ჩელსი“ დატოვა და ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, ლონდონური კლუბი კი ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, რუუდ გულიტმა ჩაიბარა, რომელსაც მოთამაშე-მწვრთნელის თანამდებობა ერგო.
გულიტის მთავარი სამიზნე სწორედ „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯანლუკა ვიალი იყო. ნიდერლანდელი შთამბეჭდავი რეპუტაციით სარგებლობდა, თანაც ლონდონური კლუბის ამბიციური მფლობელის, კენ ბეიტსის ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდა, ამიტომაც ვიალი, რომელსაც ტურინული გრანდიდან წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, ლონდონელებმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. მას იტალიის ნაკრების სხვა ფეხბურთელების, ჯანფრანკო ძოლასა და რობერტო დი მატეოს შეძენა მოჰყვა, შესაბამისად - „პარმადან“ და „ლაციოდან“, რასაც საფრანგეთის ნაკრების წევრი ფრანკ ლებეფის „სტრასბურიდან“ ტრანსფერიც მიემატა.
თუ არ ჩავთვლით ბრიტანელებსა და ირლანდიელებს, ჯანლუკა ვიალის ინგლისში გადასვლისას პრემიერ ლიგაში არც ისე ბევრი ლეგიონერი იყო. ნიჭიერმა იტალიელმა უცხო კულტურა და უცხო ენა იოლად აითვისა და რადიკალურად განსხვავებულ საფეხბურთო ლიგაში საკუთარი თავი სწრაფად დაიმკვიდრა, ინგლისურმა პრესამ კი იტალიური ტრიოს ლონდონში გადასვლას „იტალიური შემოსევა“ უწოდა.
ვიალის მხოლოდ სამი თამაში დასჭირდა „კოვენტრის“ კარში სადებიუტო გოლის გასატანად, რასაც მომდევნო თამაშში თავის გამოჩენაც მიება - „ლურჯების“ პრინციპულ მეტოქე „არსენალთან“ სტუმრად „ჰაიბერიზე“ ფრედ დასრულებულ (3:3) მატჩში.
პრემიერ ლიგის ტემპი ძალიან მაღალი იყო, თუმცა გამოცდილი იტალიელი შემტევი მას ფეხს კარგად უწყობდა, მაგრამ სეზონის შესანიშნავი სტარტის შემდეგ „არისტოკრატთა“ სათამაშო ფორმა მკვეთრად დაეცა. ამას დაერთო კლუბის პრეზიდენტის, მეთიუ ჰარდინგის ავიაკატასტროფაში ტრაგიკული სიკვდილიც. „ჩელსი“ შოკიდან ვერ გამოვიდა და ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ ჩემპიონატის ხუთ ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა.
1996-97 წლების სეზონში ლონდონურმა კლუბმა ინგლისის პირველობა საბოლოოდ მე-6 პოზიციაზე დაასრულა. ჯანლუკა ვიალიმ „ჩელსის“ მაისურით პრემიერ ლიგაში ცხრა გოლის გატანა შეძლო, რაც გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გამოდგა, სამაგიეროდ რუუდ გულიტის დამოძღვრილმა „ლურჯებმა“ ასოციაციის თასზე იყოჩაღეს და 17 მაისს, „უემბლიზე“ პრემიერ ლიგიდან გავარდნილი, ბრაიან რობსონის გაწვრთნილი „მიდლსბროს“ ძლევით (2:0) პრესტიჟული ტიტული დაისაკუთრეს.
მომდევნო, 1997-98 წლების სეზონმა ჯანლუკა ვიალის ცხოვრება შეცვალა. პრემიერ ლიგის მე-2 ტურში, სტუმრად ბარნსლიში 6:0 გამარჯვებისას, ვეტერანმა იტალიელმა ე.წ. პოკერი შეასრულა, თუმცა ლონდონელებს სეზონის მეორე ნახევარში გაუჭირდათ, რასაც რუუდ გულიტის მენეჯერობიდან გადაყენება ახლდა თან.
კენ ბეიტსმა ბევრი აღარ იფიქრა და ახალი დამრიგებელი საკუთარ გუნდშივე იპოვა: „ჩელსის“ ისტორიაში მორიგი მოთამაშე-მწვრთნელი (გლენ ჰოდლისა და რუუდ გულიტის შემდეგ) ჯანლუკა ვიალი გახდა, იტალიელის შეთავსებითმა ახალმა ამპლუამ კი გუნდის ასპარეზობა და შედეგები გააუმჯობესა - ლონდონურმა კლუბმა პრემიერ ლიგაში დარჩენილი ათი თამაშიდან ექვსი მოიგო და მე-4 ადგილი ირგუნა, თავად ვიალიმ კი „კრისტალ პალასის“ კარში ორი, ხოლო თანაქალაქელ „ტოტენჰემისა“ და „ბოლტონის“ წინააღმდეგ თითო გოლი მიითვალა, რითაც კვლავ კლუბის რიგებში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (ტურე ანდრე ფლოსთან ერთად 9-9 გოლით), ხოლო „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 19 გოლი შეაგდო, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელი იყო „ლურჯების“ რიგებში.
მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. ჯანლუკა ვიალის ბრწყინვალე საკლუბო კარიერის ახალი მიღწევები იმავე სეზონში მოპოვებული ორი ტიტულია: ინგლისის ლიგის თასის მოგება (ფინალში „არსენალის“ დამარცხებით 3:1) და სტოკჰოლმში ევროპის თასების მფლობელთა თასის აღმართვა გერმანული „შტუტგარტის“ ძლევით 1:0.
ახალი სეზონი ვიალიმ და კომპანიამ დიდი გამოცდის ჩაბარებით დაიწყეს: UEFA-ს სუპერ თასზე მონაკოში, „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „რეალს“ გუსტავო პოიეტის გოლით 1:0 სძლია და კიდევ ერთი ევროთასი მიითვალა.
1998-99 წლების სეზონი რომ სერ ალექს ფერგიუსონისა და მისი გასაოცარი „მანჩესტერ იუანიტედის“ ზეობის დრო იყო, ფეხბურთის ალბათ უკლებლივ ყველა გულშემატკივარი თანხმდება. ვიალის ხელმძღვანელობით კი „ჩელსი“ ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო თასების მფლობელთა თასზე ბრძოლას ნახევარფინალში „მალიორკასთან“ გამოეთიშა. თავად იტალიელმა ხსენებული სეზონის ბოლოს მოთამაშის კარიერა დაასრულა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში გატანილი 10 გოლით.
1999-2000 წლების სეზონში „ჩელსის“ იტალიელი თავკაცი გუნდის გაძლიერებას აგრძელებდა, თუმცა იგივეს აკეთებდნენ პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც. „არისტოკრატებმა“ ჩემპიონატში „იუნაიტედის“, „არსენალის“, „ლიდსისა“ და „ლივერპულის“ შემდეგ მეხუთე ადგილი დაიკავეს და კიდევ ერთხელ შეძლეს პრესტიჟული ასოციაციის თასის მოგება, როდესაც „უემბლიზე“ რობერტო დი მატეოს თავური გოლით ბირმინგემის „ასტონ ვილა“ 1:0 დაამარცხეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სეზონი იყო „ჩელსის“ არსებობის ისტორიაში პირველი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე, ვიალის გუნდმა კი ევროპული ვოიაჟი ორივე ჯგუფური ეტაპის გავლის შემდეგ მეოთხედფინალში „ბარსელონასთან“ უხვგოლიანი და დასამახსოვრებელი დაპირისპირებისას დაასრულა.
ჯანლუკა ვიალი, სხვა მრავალი მწვრთნელის დარად, საბოლოოდ საკუთარი წარმატებების მსხვერპლი გახდა. 2000 წლის 13 აგვისტოს ინგლისის სუპერთასზე (Charity Shield) „მანჩესტერ იუანიტედის“ დამარცხების (2:0) შემდეგ, „ჩელსიმ“ აგვისტოდან მთელი სექტემბრის ჩათვლით ვერცერთი თამაში ვერ მოიგო - იტალიელი გაათავისუფლეს, მის შემცვლელად კი თანამემამულე კლაუდიო რანიერი დაინიშნა.
ყველაფრის მიუხედავად, ჯანლუკა ვიალის დამსახურებას „ჩელსის“ ისტორიაში ვერავინ და ვერაფერი დააკნინებს. ლონდონური კლუბისთვის გარდამტეხ პერიოდში კეთილი ფერიის მსგავსად მოვლენილმა მხიარულმა იტალიელმა „არიტოკრატების“ მომავალზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ახალი საუკუნის პირველი წლებიდან „ჩელსი“, როგორც საფეხბურთო კლუბი და ძლიერი ფინანსური ევროპული ბრენდი, ახლიდან დაიბადა, რასაც ავტომატურად მოჰყვა ახალი ტიტულების დაუფლება და ახალი ვარსკვლავების გამოჩენა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები