-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე კვარაცხელიას (თბილისი, საქართველო, 2010) კარიერაში მნიშვნელოვანი გარდატეხა 28 ოქტომბერს მოხდა, როდესაც მისმა დინამო თბილისმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე კოპენჰაგენი 3:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსმა ძმამ ქართველთა გამარჯვებაში 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით შეიტანა წვლილი.
7 დღის შემდეგ, დანიაში განცდილი მარცხის მიუხედავად, დინამომ მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ფიორენტინას დაუპირისპირდება.
თბილისში შესრულებული დუბლის შემდეგ უმცროსი კვარაცხელია სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
რა თქმა უნდა, ამ გოლების გატანა წარმოუდგენელი შეგრძნება იყო. ძალიან გამიხარდა, რომ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლაში დავეხმარე.
მისი გოლები ძალიან ჰგავდა იმ გოლებს, რომლებსაც მისი უფროსი ძმა პარიზში ხშირად იტანს.
თორნიკე მხოლოდ 16 წლისაა, თუმცა უკვე თამაშობს როგორც დინამო თბილისის ძირითად გუნდში, ისე 19-წლამდელთა შემადგენლობაში, რომელიც ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობს. გარდა ამისა, მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და უკვე 3 მატჩი ჩაატარა.
თავს მზად ვგრძნობ და მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობისა და ნდობისთვის, რომელიც მწვრთნელებმა გამომიცხადეს. კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში დიდი გამოცდილება მივიღე.
თორნიკეს მთავარი მიზანი უფროს ძმასთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშია. თუმცა არა პსჟ-ში, არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
21-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი განსაკუთრებული შეგრძნება იყო. ჩემი ქვეყნის წარმომადგენლობა ყოველთვის სიამაყით მავსებს, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ჩემს ძმასთან ერთად თამაში სრულიად განსხვავებული ემოცია იქნება. ეს ოცნების ახდენა იქნებოდა!
როდესაც ჰკითხეს, როგორი ტიპის ფეხბურთელია, თორნიკემ უპასუხა:
საკუთარ თავს შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ფეხბურთელად დავახასიათებდი. მიყვარს ჩემი სისწრაფის, დრიბლინგისა და შემტევი უნარების მაქსიმალურად გამოყენება.
სიმართლე ისაა, რომ სათამაშო სტილითა და მოძრაობებით თორნიკე მართლაც ხვიჩა კვარაცხელიას „უმცროს ვერსიას“ ჰგავს.
Tornike Kvaratskhelia, brother of Khvicha, scoring and celebrating just like his older brother 😎 #UYL https://t.co/BCL9W0ctoA
— UEFA Men's Youth (@UEFAMensYouth) October 29, 2026
ამ ეტაპზე ახალგაზრდა ფეხბურთელი უამრავ დადებით შეფასებას იღებს, თუმცა მისი გარემოცვა და კლუბი ცდილობენ, ზედმეტი ყურადღებისა და ზეწოლისგან დაიცვან. თავად თორნიკე კი რეალისტურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს.
რა თქმა უნდა, ჩემ მიმართ დიდი მოლოდინებია, რადგან ხვიჩას ძმა ვარ, მაგრამ მიუხედავად ხალხის მხრიდან არსებული ზეწოლისა, ყოველთვის ვცდილობ, მოედანზე გავიდე და ჩემი ფეხბურთი ვითამაშო.
თორნიკესთვის მთავარი მისაბაძი მაგალითი, ბუნებრივია, მისი უფროსი ძმაა.
ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა 9 წელია. თორნიკე ხვიჩას კარიერულ წინსვლას ერთდროულად ოჯახის წევრისა და გულშემატკივრის თვალით აკვირდებოდა, რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებას, დინამო ბათუმიდან ნაპოლიში გადასვლას და შემდეგ პსჟ-ში განხორციელებულ ვარსკვლავურ ტრანსფერს.
როდესაც პატარა ვიყავი, ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუყურებდი, როგორც ალბათ მიხვდებოდით, ჩემი ძმა იყო. ვფიქრობ, მისი სათამაშო სტილის ბევრი ელემენტი ჩემს თამაშშიც გადმოვიტანე. თანაგუნდელები ყოველთვის მეუბნებიან, რომ მას ძალიან ვგავარ.
ამავდროულად, პარიზიდან თბილისში რჩევებიც მოდის, რომლებიც თორნიკეს საკუთარი კარიერის ეტაპობრივ განვითარებაში ეხმარება.
ხვიჩამ მასწავლა, რომ ჩემი ოცნებებისთვის ბევრი უნდა ვიშრომო და არასდროს დავნებდე. ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები