უკრაინელი ჩოგბურთელი, მარტა კოსტიუკი არინა საბალენკასა და იგა შვიონტეკის ფიზიკური მონაცემების შესახებ ამბობს, რომ თავს მათზე გამხდრად და სუსტად გრძნობს და მათ დასამარცხებლად ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევის გაღება უწევს.
"თავს მათზე გამხდრად და სუსტად ვგრძნობ. ვცდილობ, გავიგო და მივხვდე, ჩემი საჩოგბურთო და ფიზიკური უნარებით მათ როგორ მოვუგო. თითოეული ქულისთვის ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევის გაღება მიწევს. 10 კგ.-ს ვერ მოვიმატებ და ვერც 5 სმ.-ით გავმაღლდები, ამიტომ თითოეული გათამაშებისას 100% უნდა გავაკეთო, რომ შედეგს მივაღწიო.
თუმცა, ეს ყველაფერი სპორტის ნაწილია და ძალიან მაგარია, რომ ასეთი ჩოგბურთელების დამარცხების გამოწვევები მაქვს", - თქვა კოსტიუკმა Tennis365-თან ინტერვიუში.
უკრაინელი დაახლოებით 61-62 კგ.-მდე იწონის და სიმაღლეში 175 სმ.-ია. საბალენკა 80 კგ.-ია და 182 სმ. სიმაღლის გახლავთ, ხოლო შვიონტეკი - 69 კგ. და 176 სმ.
23 წლის კოსტიუკს კარიერაში, WTA-ის ეგიდით, 3 ფინალი აქვს ნათამაშები და მათგან ტიტული ერთხელ მოიგო - 2023 წელს, ოსტინის 250-ქულიან ტურნირზე.
იგი ამჟამად მსოფლიოს 27-ე ჩოგანია, კარიერის საუკეთესო შედეგად კი რეიტინგის მე-16 ნომრობა აქვს. კოსტიუკის მენეჯერი როჯერ ფედერერის ყოფილი მწვრთნელი, ივან ლიუბიჩიჩია.