კილიან მბაპემ ფრანგულ გამოცემა L'Équipe-თან ვრცელ ინტერვიუში პარი სენ-ჟერმენსა და მადრიდის რეალში არსებულ სიტუაციაზე, ფეხბურთელების ეგოსა და უსმან დემბელეს პროგრესზე ისაუბრა.
თავდამსხმელის ეგოიზმთან დაკავშირებულ კითხვაზე მბაპემ უპასუხა:
ყველა ფეხბურთელი ეგოისტია, მეკარიდან დაწყებული, გამოკვეთილი თავდამსხმელით დამთავრებული. ფორვარდი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მეც გამიტანია გოლები ისეთ მატჩებში, სადაც სხვა მოთამაშეები ჩემზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ ფეხბურთში გოლის გატანა ყველაზე რთული და ფასეული რამ არის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ხანდახან მთელი დიდება შენ გხვდება წილად, ხანდახან კი პირიქით.
პსჟ-ისა და მადრიდის რეალის გასახდელების შედარებისას ფრანგმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ დიდი ეგო მხოლოდ გამორჩეულ მოთამაშეებს არ ახასიათებთ:
ყველა გასახდელში არიან ასეთი ადამიანები. პარიზში ჩემი ბოლო წლის განმავლობაში, ჩემ გარდა, გუნდში ვარსკვლავი არ ყოფილა. უსმან დემბელე ნამდვილ ვარსკვლავად მხოლოდ ამის შემდეგ იქცა. ხალხი ეგოს ყოველთვის ვარსკვლავებს უკავშირებს, თუმცა მინახავს ფეხბურთელები, რომლებსაც ფოტოს ან ავტოგრაფს არავინ სთხოვს, მაგრამ უზარმაზარი ეგო აქვთ.
ფრანგმა ვარსკვლავმა ფეხბურთისადმი სიყვარულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამაშსა და ბიზნესს ერთმანეთისგან ყოველთვის მიჯნავს.
მისი თქმით, კარიერის დასრულების შემდეგ მატჩებზე სიარულს გააგრძელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საფეხბურთო სამყაროსთან საქმიანი კავშირი საერთოდ გაწყვიტოს.