-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუხედავად ყველაფრისა, რაც გეიჯიმ კარიერაში მიაღწია, ილია თოფურია მუდმივად იმეორებს, რომ მათი მთავარი ბრძოლა UFC White House-ის ღონისძიებაზე 2 წუთსაც არ გასტანს და პირველივე რაუნდში დამანგრეველი ნოკაუტით დასრულდება.
გეიჯის მსგავსი განცხადებები სხვა მეტოქეებისგანაც არაერთხელ მოუსმენია, თუმცა ვერ ხვდება, რატომ არის თოფურია ასე დარწმუნებული, რომ ოქტაგონში შესვლისთანავე ისეთ მებრძოლს გაანადგურებს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა პირველ რაუნდში.
ამას ემატება ისიც, რომ გეიჯის ბევრი ყოფილი მეტოქე ამბობს, მასთან ოქტაგონში გატარებული დრო ავტოკატასტროფას ჰგავს, გამარჯვების შემთხვევაშიც კი.
ის ჩემს შეფასებაში არაერთხელ შეცდა.
„როდესაც გაიგო, რომ პედი პიმბლეტთან ვიბრძოლებდი, თქვა, რომ არანაირი შანსი არ მქონდა. საბოლოოდ კი ის ბრძოლა აშკარად მოვიგე.
არ ვიცი, რას ფიქრობს ან რატომ ფიქრობს ასე. მაგრამ ეს გიჟური სპორტია. მას ნამდვილად შეუძლია პირველ 2 წუთში დამანოკაუტოს.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩემზე იმდენად უკეთესია. უბრალოდ, ეს სპორტი ძალიან არაპროგნოზირებადია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“ - განაცხადა გეიჯიმ UFC White House-ის მედია დღეზე.
გეიჯი დარწმუნებულია, რომ თავად არასოდეს შეაფასებდა მეტოქეს ისე, როგორც, მისი აზრით, თოფურია აკეთებს და მას თითქოს უკვე დასრულებული აქვს ეს ბრძოლა.
მისი თქმით, თოფურია ასეთი ხმამაღალი განცხადებებით საკუთარ თავს უზარმაზარ წნეხს უქმნის, რადგან ბრძოლაში ეს პროგნოზები უნდა გაამართლოს. და რა მოხდება, თუ კვირა საღამოს მოვლენები მისი სცენარით არ განვითარდება?
მან საკუთარი თავი კუთხეში მოიმწყვდია.
„თუ მე-2 რაუნდში გადავედით, საკუთარ თავს როგორ აუხსნის ამას? თუ მე-3 რაუნდში გადავედით და სისხლი სდის, როგორ აუხსნის საკუთარ თავს, როცა მის წარმოდგენაში ბრძოლა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო?
მე ოქტაგონში მოლოდინებით არ შევდივარ. ველოდები 25-წუთიან ომს და ველოდები, რომ უამრავი სირთულის გადალახვა მომიწევს. ამისთვის მზად ვარ.“ - თქვა გეიჯიმ.
გეიჯის თქმით, იმის გათვალისწინებით, რამდენსაც თოფურია ლაპარაკობს, მას თავისი სიტყვების საქმით გამყარება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოსვლა იმედგაცრუებად შეფასდება.
ვფიქრობ, იმით, თუ როგორ საუბრობდა ჩემზე და როგორ აკნინებდა ჩემს შესაძლებლობებს, საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენა, სადაც სანახაობრივი გამარჯვება სჭირდება, თორემ...
„თუნდაც მოიგოს, მაგრამ მძიმე ბრძოლა გამოვიდეს, მაინც მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ გაუჭირდა ისეთ მებრძოლთან, რომელიც, მისი თქმით, საერთოდ არ იმსახურებს მასთან ერთად ოქტაგონში ყოფნას.
ეს საკუთარ თავზე დიდ ზეწოლას ქმნის. ის ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დამასრულოს, თანაც პირველ ორ წუთში.“ - თქვა გეიჯიმ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

