-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ცუდი მატჩი ჩაატარა. რამაზ სვანაძის შეგირდები გასვლაზე უნგრეთთან 1:0 დამარცხდნენ - ნაკრები ერთა ლიგის სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულითაა და ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. მეოთხე ტურში ჩვენები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან - მატჩი, რომლითაც ნაკრები ხასიათის გამოკეთებას შეეცდება ორშაბათს, 5 ოქტომბერს ბელფასტში
გაიმართება.
თავის მხრივ, იდეალური სტარტი გამოუვიდა ჯგუფის ერთი შეხედვით აუთსაიდერად შერაცხულ ჩრდილოეთ ირლანდიას - ბრიტანელებმა პირველი მატჩი თბილისში მოიგეს, ხოლო უნგრეთთან ნათამაშები ფრის შემდეგ გასვლაზე უკრაინა გაანადგურეს.
სლოვაკეთში გამართულ მატჩში ბრიტანელებმა 3:0 იმარჯვეს. B ლიგის მეორე ჯგუფში კი მეოთხე ტურის წინ ასეთი მდგომარეობაა.
საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიას ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ორჯერ უთამაშიათ - უკანასკნელი შეხვედრა ყველას კარგად გვახსოვს, აი პირველი მატჩი კი 2008 წელს გაიმართა. კარგი მოგონებები არც 18 წლის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩთან გვაკავშირებს.
კლაუს ტოპმიოლერის გუნდი ლურგანში გასამართ მატჩს შემდეგი შემაგდენლობით შეხვდა:
მაკარიძე; კალაძე, სალუქვაძე, კვახაძე, შაშიაშვილი; დავით კვირკველია, კანკავა, ყენია, ცქიტიშვილი, კობახიძე; იაშვილი.
შეხვედრა ქართველებისთვის მძიმედ დაიწყო - ტოპმიოლერის გუნდი 34-ე წუთისთვის 3:0-ს მარცხდებოდა. 55-ე წუთზე ქართველებმა ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ჩვენებს ამაშიც ბრიტანელები დაეხმარნენ - ლევან ცქიტიშვილის გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანს დევიდ ჰილიმ ამჯერად საკუთარ კარში დაამატა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოირლანდიელებმა 6 ცვლილება განახორციელეს, ჩვენი ნაკრების გერმანელი სპეციალისტი მატჩში ახალი ფეხბურთელების ჩართვას არ ჩქარობდა - ლაშა ჯაკობია და გიორგი ხიდეშელი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდნენ, რასაც 5 წუთში მასპინძლების მეოთხე გოლი მოჰყვა. მატჩის ბოლო წუთზე მოედანზე ლევან ცქიტიშვილის ნაცვლად ზაალ ელიავა გამოჩნდა - 4:1.
მატჩი განსაკუთრებით მძიმე გამოდგა საქართველოს ნაკრების 17 წლის მეკარისთვის - გიორგი მაკარიძეს ტოპმიოლერი ძირითად მეკარედ მოიაზრებდა, ბრიტანეთში გამართული მატჩი კი დინამოს მეკარის ნაკრებში ჩატარებული მეხუთე თამაში იყო.
ავადსახსენებელი საღამოს შემდეგ, ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი დაემშვიდობა, მაკარიძე კი ძირითადში გიორგი ლორიამ ჩაანაცვლა - იბერია 1999-ის ახლანდელმა მეკარემ ეროვნულ გუნდში შემდეგი მატჩი 9 წლის შემდეგ, 2017 წელს ჩაატარა.
18 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას კვლავ ეწვევა და ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება - შეგახსენებთ, მატჩი ორშაბათს, 5 ოქტომბერს, 22:45-ზე გაიმართება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები