ჯამალ მუსიალამ შესაძლოა ვეღარასდროს დაიბრუნოს ის სათამაშო დონე, რომელიც ადრე ჰქონდა, - ამის შესახებ ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა.
23 წლის გერმანელი ფეხბურთელი წინასასეზონო მომზადების პერიოდში 4 დღეში 2-ჯერ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ნევროლოგიური დისფუნქცია დაუდგინდა, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.
მიმდინარე სეზონში მუსიალამ ბაიერნის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
„დილემის წინაშე ვდგავართ. მას ისეთი დაავადება აქვს, რომლის განკურნებაც მარტივი არ არის, თუმცა მედიკამენტების დახმარებით მისი საკმაოდ ეფექტურად კონტროლი შესაძლებელია“, - განაცხადა გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის საპატიო პრეზიდენტმა BR-ის გადაცემა „Sonntags-Stammtisch“-ში.
ჰიონესმა დასძინა: „მაგრამ შეძლებს კი ის ოდესმე იმ სათამაშო დონის დაბრუნებას, რომელიც ადრე ჰქონდა?..“
„თუმცა ის ხელფასს კვლავ იღებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუ ბაიერნი ახლა მისი კონტრაქტის პირობებს ეჭვქვეშ დააყენებდა“, – განაგრძო ჰიონესმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა: „ის, რისი გაკეთებაც მას ახლა შეუძლია, აღარ შეესაბამება იმას, რაც კონტრაქტშია გაწერილი“.
ჰიონესმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიერნი მუსიალას სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.
ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა კი განაცხადა, რომ ჰიონესის სიტყვების მიზანი მუსიალას მოტივირება იყო.
„ის ცდილობს, ცოტათი გამოიწვიოს მუსიალა. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მას მუდმივად განსაკუთრებული სიფრთხილით მოვექცეთ. ზოგჯერ სირთულეებთან გამკლავებაც აუცილებელია.
ული სწორედ ასეთი გამოწვევის შექმნას ცდილობდა თავისი განცხადებით. მისი მხრიდან მსგავსი რამის თქმა მისაღებია, რადგან არ შეგვიძლია, ყველაფერი მხოლოდ დადებითად წარმოვაჩინოთ და უბრალოდ დაველოდოთ მუსიალას დაბრუნებას.
მე რომ ჯამალ მუსიალას ადგილას ვიყო, ეს სიტყვები საკმარისი მოტივაცია იქნებოდა იმისთვის, რომ ულისთვის დამემტკიცებინა - დავბრუნდი“, - განაცხადა მათეუსმა Sky90-თან საუბრისას.
ჯამალ მუსიალას სექტემბრის შემდეგ ბაიერნის შემადგენლობაში არ უთამაშია, რადგან ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო. თუმცა ფეხბურთელი ახლახან ვარჯიშს დაუბრუნდა.