ოქროს ბურთის მფლობელმა ჰარი კეინმა მიუნხენის ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
2023 წლის ზაფხულში მიუნხენში გადასვლის შემდეგ ინგლისის ნაკრების კაპიტანმა 2-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ასევე დაეუფლა გერმანიის თასსა და ფრანც ბეკენბაუერის სახელობის 2 სუპერთასს.
ამ დროისთვის თავდამსხმელს ბაიერნის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 161 მატჩში 156 გოლი აქვს გატანილი. კეინმა არაერთი რეკორდი დაამყარა როგორც გერმანიაში, ისე ევროპულ ფეხბურთში, გასულ კვირას კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„ბაიერნში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მიყვარს ეს კლუბი, მისი გულშემატკივრები და ქალაქი მიუნხენი. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც არაჩვეულებრივი მწვრთნელი, ვინსენ კომპანი ხელმძღვანელობს.
ჩემთვის დიდი სიამაყეა ამ კლუბის ნაწილი რომ ვარ. ჩემი ოჯახიც აქ ძალიან ბედნიერია. დარჩენა ნამდვილად მსურდა. ახლა მოუთმენლად ველი მომავალს და მინდა, ამ დიდებულ კლუბთან ერთად კიდევ ბევრი ტიტული მოვიგო“. - განაცხადა კეინმა.
წყაროების ინფორმაციით, ეს მიუნხენური კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტია.
ამავე წყაროების ცნობით, კეინი ხელფასის ოდენობით ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ზოგიერთი მოთამაშის საერთო შემოსავალი ბონუსების ხარჯზე შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.
ბაიერნმა თავდამსხმელთან შეთანხმების მისაღწევად გარკვეულ საკითხებში დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა, მათ შორის ხელფასისა და საიმიჯო უფლებების მიმართულებით.
ახალი ხელშეკრულებით, კეინის წლიური ანაზღაურება 25 მილიონ ევროს გადააჭარბებს, რაც კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდი იქნება.