მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნს გარკვეული პერიოდით ვერ დაეხმარება.
გერმანიის რეკორდსმენმა კლუბმა დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანმა მაინცთან მოგებულ შეხვედრაში (2:1), მარჯვენა ფეხის მყესის ნაწილობრივი გაწყვეტა მიიღო.
ტრავმის სიმძიმე ბაიერნის სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა. ნოიერი მაინცთან შეხვედრაში პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შეცვალეს.
გერმანული Sky Sports-ის ინფორმაციით, გერმანელი მეკარე მინიმუმ 6 კვირას გამოტოვებს.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ნოიერი 2026 წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს და მიმდინარე კალენდარულ წელს მოედანზე აღარ გამოჩნდება.
მისი კონტრაქტი ბაიერნთან მომავალ ზაფხულს იწურება და დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ გერმანელი მეკარე პროფესიულ კარიერასაც დაასრულებს.
მანუელ ნოერმა ტრავმის შესახებ Instagram-ზე განცხადება გამოაქვეყნა:
„ტრავმა არასდროს მოდის შესაფერის დროს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. მსგავსი რამ ადრეც გამომივლია და ამ გამოწვევასაც გადავლახავ.
ამიერიდან მთელი ყურადღება გამოჯანმრთელებაზე იქნება გადატანილი. მანამდე კი ბიჭებს მოედანზე ყველანაირად დავეხმარები, როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება.
დიდ მადლობას გიხდით ყველას გამამხნევებელი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ნოიერმა.