ლორენცო ინსინიე, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ყოფილ გუნდს უბრუნდება და სერია B-ში ითამაშებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 34 წლის გარემარბმა, ლაციოსა და ნაპოლის სახელების გაჟღერების მიუხედავად, შეთანხმებას პესკარასთან მიაღწია და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
კონტრაქტის პირობები ასეთია - 6-თვიანი იქნება და 1 წლით გახანგრძლივდება იმ შემთხვევაში, თუკი პესკარელები სერია B-ში ადგილის შენარჩუნებას მოახერხებენ.
თუმცა, ტრანსფერი ფანჯრის ბოლო დღეებამდე არ გაოფიციალურდება, რადგან პესკარას პრეზიდენტთან დადებული პირობის თანახმად, თუკი ინსინიეს სერია A-ს რომელიმე გუნდისგან სასურველი წინადადება ექნება, იქ წასვლას აირჩევს.
ინსინიემ კანადური ტორონტო გასული წლის ივლისში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა. იგი პესკარას რიგებში 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა და, ზდენეკ ზემანის ხელმძღვანელობით, კლუბს სერია A-ში გადასვლაში დაეხმარა - იმ პესკარადან, ლორენცოს გარდა, ჩირო იმობილე და მარკო ვერატი გამოჩნდნენ.
პესკარულ კლუბს ახლა ცუდი პერიოდი უდგას - სერია B-ს ბოლო ადგილზეა და დასარჩენ ზონასთან 6 ქულა აშორებს.