საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა გუნდმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მომზადების ფარგლებში, ისრაელთან ამხანაგური მატჩი გამართა.
თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში, ჩვენმა ნაკრებმა ისრაელელებს 11-ქულიანი სხვაობით აჯობა - 101:90.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე იყო (22 ქულა), სანდრო მამუკელაშვილმა 20 ქულა მიითვალა, თორნიკე შენგელიამ - 17, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა - 12.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა და ჯგუფში მონტენეგროსთან, პორტუგალიასთან და საბერძნეთთან 2-2 თამაშს ჩაატარებს.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი, 28 აგვისტოს, მონტენეგროს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 31-ში პორტუგალიას სტუმრად შეხვდება.