ბარსელონა ისტორიული მოვლენისთვის ემზადება, კლუბის საკალათბურთო სექცია დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ეს დღე საუკუნოვანი ისტორიის გახსენებასთან ერთად, სრულიად ახალი ერის დასაწყისიცაა, რადგან გუნდი ევროპის ელიტაში კუთვნილი ადგილის დაბრუნებას მიზნად ისახავს.
საუკუნოვანი ისტორია და საზეიმო ღონისძიება
ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, კალათბურთის სექცია ოფიციალურად 1926 წლის 24 აგვისტოს დაარსდა. 100-წლიანი ისტორიის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიება Auditori 1899-ის დარბაზში გაიმართება, სადაც კლუბის ლეგენდები და ისტორიული ფიგურები შეიკრიბებიან. საღამოს გახსნის ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა. იგი კლუბის საამაყო მომენტებს გაიხსენებს და ხაზს გაუსვამს ხელმძღვანელობის მზაობას, რომ საკალათბურთო გუნდს კვლავაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს. იქვე დაანონსდება ის აქტივობებიც, რომლებიც მიმდინარე სეზონში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იგეგმება.
ახალი ერა და მზადება სეზონისთვის
ისტორიული თარიღი გუნდისთვის ახალი ეტაპის დაწყებას ემთხვევა. ბარსელონამ შემადგენლობა მნიშვნელოვნად განაახლა და მთავარ მწვრთნელად სლოვენიელი სპეციალისტი, სიკოლიკი დანიშნა, რომლის მთავარი ამოცანა გუნდის ძველ სიმაღლეზე დაბრუნებაა.
სწორედ იუბილეს დღეს იწყება წინასასეზონო მზადებაც. პირველ ვარჯიშზე მოთამაშეების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება წარმოდგენილი, რადგან ბევრი მათგანი სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება. პირველ სესიებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც გუნდის ახალწვეულები ჯოშ ნებო, აგუსტინ უბალი, ტაირის მარტინი და სხვები, ასევე ის კალათბურთელებიც, რომლებსაც გუნდთან შეერთების უფლება მოგვიანებით მიეცათ.