უკრაინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ Meta.ua-სთან ინტერვიუში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთა ლიგის მატჩში (0:1) უკრაინის ეროვნული გუნდის თამაში მკაცრად გააკრიტიკა.
მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელები საქართველოსთან მომავალ შეხვედრას მოიგებენ.
საბომ უკრაინელ ფეხბურთელთა ტექნიკური წუნი და ბრძოლისუნარიანობის ნაკლებობა გამოყო და აღნიშნა, რომ მეტოქემ მათი სუსტი წერტილები სწორად გამოიყენა:
არ მესმის, ნუთუ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს მეტი შემართებით და აგრესიით თამაში არ შეუძლიათ? ალბათ ეს უბრალოდ ჩვენი ამჟამინდელი დონეა. წაგების მიუხედავად, ჩრდილოეთ ირლანდიას ძლიერ გუნდს ვერ ვუწოდებ; მათ უბრალოდ ბრძოლის გაცილებით დიდი სურვილი ჰქონდათ და ხაფანგშიც შეგვიტყუეს...
თუმცა, ამ პრობლემების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა საქართველოსთან ბოლო ტურის მატჩს მოიგებს და ჯგუფში მესამე ადგილზე გავა.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის ეგიდით უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.