ონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე იბერიამ შვედურ მიალბისთან 1:1 ითამაშა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან კორღალიძემ დაკარგულ უპირატესობაზე, გუნდის თამაშსა და გულშემატკივრების მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„ვიბრძოლეთ და ამ ქულით საქართველოს 2028 წლისთვის ევროტურნირებზე ოთხი გუნდით მონაწილეობის უფლება დავუბრუნეთ. მადლობა ყველას, ვინც გულწრფელად დაგვიჭირა მხარი“, - თქვა კორღალიძემ.
მწვრთნელმა გოლის შემდეგ შეტევაში პასიურობა გადატვირთულ კალენდარს დაუკავშირა, თუმცა აღნიშნა, რომ უკან დახევა მისი მითითება არ ყოფილა.
„მჭიდრო გრაფიკის გამო გოლის შემდეგ შეტევების გაგრძელება გაგვიჭირდა. ასეთ დროს ფიქრობ, როგორ არ გაუშვა, მეტოქე კი გათანაბრებას ცდილობს. დაცვაში დახევა ჩემი დავალება არ ყოფილა. მიალბი ძლიერი გუნდია და ბოლო წუთებში მასთან პირველ ნომრად თამაში მარტივი ვერ იქნებოდა.
ერთი ქულით კმაყოფილი არ ვარ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ვცდილობთ, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. გოლის შემდეგ შეტევაში მეტი აგრესია და აქტიურობა გვჭირდება. ამას დრო სჭირდება - ჩემი იდეების გუნდში ასე სწრაფად დანერგვა რთულია“, - განმარტა მან.
კორღალიძემ ტრიბუნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და სენტ-ტრუიდენის მაგალითი მოიყვანა.
„მჯერა, მომდევნო მატჩებში უკეთ ვითამაშებთ. სენტ-ტრუიდენთან შეხვედრაზე მისულმა გულშემატკივრებმა, ვფიქრობ, მეორე გოლშიც შეიტანეს წვლილი. დღეს, როცა 1:0-ს ვიგებდით, ეს მხარდაჭერა დაგვაკლდა. ფეხბურთს ხალხი გათამაშებს. წვიმამაც იმოქმედა. მადლობა ყველას, ვინც სტადიონზე მოვიდა და ვინც გულწრფელად სახლიდან გვგულშემატკივრობდა“, - აღნიშნა იბერიას მწვრთნელმა.
მესამე ტურში იბერია სტუმრად კოპენჰაგენს შეხვდება. მატჩი 6 ნოემბერს პარკენ არენაზე გაიმართება.