ფროზინონეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ კომოსთან გამარჯვებისა და გიორგი კვერნაძის მორიგი წარმატებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს კვერნაძის მაქსიმუმი და მისი საუკეთესო ვერსია, იტალიელმა სპეციალისტმა მკაფიო პასუხი გასცა:
რა თქმა უნდა, არა! ის შესანიშნავი ბიჭია და ძალიან მომწონს. ჩემი ხანდაზმული დედაც კი მეუბნება, რომ ეს ფეხბურთელი მოსწონს, მე კი ვეუბნები, რომ ის გამორჩეული, ძლიერი და ჭკვიანია. მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მას გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს და ვმუშაობთ, რომ კიდევ მოუმატოს.
მიმდინარე სეზონში კვერნაძემ სერია ა-ს ზედიზედ მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ვენეციის, ჯენოას შემდეგ ამჯერად კომოსაც გაუტანა. ქართველ გარემარბს ჩემპიონატში 5 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად მის ანგარიშზე 6 შეხვედრა, 5 გოლი და 2 ასისტია.
ფროზინონემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, 5 ტურში 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, სანაკრებო პაუზის შემდეგ კი სტუმრად ნაპოლის დაუპირისპირდება.