სანდრო მამუკელაშვილმა ლოს ანჯელეს ლეიკერსის რიგებში მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ქართველმა კალათბურთელმა ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა, რის შემდეგაც კლუბის ლეგენდის, ჯეიმს უორთის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ატლანტასთან შეხვედრაში მამუმ 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სანდროს პარკეტზე ყოფნის დროს, ლეიკერსმა მეტოქეზე 20-ით მეტი ქულა ჩააგდო. ამჟამად ლოსანჯელესური კლუბი 10 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია.
თამაშის დასრულების შემდეგ ჯეიმს უორთიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ახალი დაწყებული სეზონისა, სანდრომ უკვე დაამტკიცა თავისი პროდუქტიულობა გუნდისთვის საჭირო მომენტებში. მისი თქმით, როცა ლუკა დონჩიჩი მოედანზე არ არის, მამუკელაშვილი კარგად კითხულობს თამაშს, იყენებს ოსტინ რივზზე ორმაგი დაცვის ფაქტორს და გადამწყვეტ სროლებს აგდებს. უორთიმ ქართველს ფლეიმეიქერი უწოდა და დომანტას საბონისს შეადარა, რადგან მას შეუძლია სწრაფი შეტევის დაწყება, ბურთის კონტროლი და კარგი პასების დარიგება. ლეგენდარულმა კალათბურთელმა ისიც კი დასძინა, რომ ამ მატჩის მიხედვით, მამუ MVP-ის გამოკითხვაში პირველი უნდა ყოფილიყო.