ლოს ანჯელეს ლეიკერსი NBA-ის მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 10 გამარჯვების მოპოვება შეძლო. კალიფორნიულმა გუნდმა ატლანტა ჰოუქსი დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრა სანდრო მამუკელაშვილისთვის ლეიკერსის მაისურით ჩატარებული საუკეთესო მატჩი აღმოჩნდა, რის გამოც ქართველმა კალათბურთელმა მთავარი მწვრთნელის, ჯეი ჯეი რედიკისგან განსაკუთრებული შექება დაიმსახურა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე რედიკმა მამუკელაშვილის შთამბეჭდავ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველმა ფორვარდმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი შექმნა.
სანდრომ ლეიკერსში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან 23 ქულა მოაგროვა და ეს შესანიშნავი იყო. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი ჰქონდა. ვფიქრობ, ბოლო წუთებში მის მიერ მოპოვებული 2 დაცვითი მოხსნა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების მთავარი გმირი უდავოდ ლუკა დონჩიჩი იყო, ლოს ანჯელესის წარმატებაში მამუკელაშვილმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 32 წუთი გაატარა და ამ დროში 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მამუკელაშვილმა თამაშიდან 13 სროლიდან 7 გამოიყენა, ხოლო სამქულიანი ხაზიდან განსაკუთრებით ეფექტური იყო - 8 მცდელობიდან 5 ზუსტად შეასრულა.
გარდა ამისა, ქართველმა კალათბურთელმა ოთხივე საჯარიმო ჩააგდო და შეხვედრა +20 ეფექტიანობის მაჩვენებლით (პლუს-მინუსი) დაასრულა, რაც ლეიკერსის მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.
მამუკელაშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა იყო. მისი კარგი თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ ლეიკერსს ავადმყოფობის გამო ოსტინ რივზი აკლდა.
2026/27 წლების სეზონის საწყის 12 შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილი ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში საშუალოდ 9.8 ქულას, 4.6 მოხსნასა და 1.6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
VIDEO: ბრწყინვალე მატჩი ატლანტასთან - რა სტატისტიკა ჰქონდა სანდროს?