VIDEO: დონჩიჩმა ჯორდანის, ლებრონისა და კობის რეკორდები მოხსნა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუკა დონჩიჩმა NBA-ის 2026/27 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემადგენლობაში განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა.
ლეიკერსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი დაძაბულ ბრძოლაში 124:118 დაამარცხა და სეზონის საწყის 10 მატჩში მე-8 გამარჯვება მოიპოვა. დონჩიჩი კი ამ დროისთვის საშუალოდ 40.1 ქულას აგროვებს.
სლოვენიელმა სუპერვარსკვლავმა პორტლენდთან შეხვედრაში 53 ქულა ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.
დონჩიჩი ლეიკერსის ისტორიაში შევიდა და მხოლოდ მე-4 კალათბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში მინიმუმ 40 ქულის დაგროვება შეძლო. მანამდე ეს ელჯინ ბეილორმა, კობი ბრაიანტმა და ჯორჯ მაიკენმა მოახერხეს.
დონჩიჩამდე აღნიშნული შედეგი ბოლოს კობი ბრაიანტმა, 2011/12 წლების სეზონში დააფიქსირა.
ლუკა დონჩიჩმა სეზონის საწყის 9 მატჩში 361 ქულა დააგროვა, რაც თანამედროვე NBA-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს უილტ ჩემბერლენმა დააფიქსირა, რომელმაც 1962/63 წლების სეზონის პირველ 9 შეხვედრაში 472 ქულა ჩააგდო.
სლოვენიელმა კალათბურთელმა კარიერაში 62-ე მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 40 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლით დონჩიჩი მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა და NBA-ის ისტორიაში პირველ ადგილს იყოფს. ამასთან, მან ლებრონ ჯეიმსსა და უილტ ჩემბერლენს გადაასწრო.
დონჩიჩმა NBA-ის კარიერაში 50-ქულიანი მატჩი მე-11-ედ ჩაატარა. ამ მაჩვენებლით მან ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო, ალენ აივერსონს გაუთანაბრდა და ლიგის ისტორიაში მე-10 ადგილს იყოფს.
გარდა ამისა, დონჩიჩმა ოსკარ რობერტსონის რეკორდიც გაიმეორა. ორივე კალათბურთელმა ზედიზედ 7 შეხვედრაში შეძლო მინიმუმ 35 ქულის, 5 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება, რაც NBA-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსგავსი სერიაა.
გარდა ამისა, ბოლო შვიდივე შეხვედრაში ლუკამ მინიმუმ 5 სამქულიანი ჩააგდო.
შედეგად, დონჩიჩი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ 7 მატჩში მინიმუმ 35 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 5 ზუსტი სამქულიანი დააგროვა.