რეალის ლეგენდარული მცველი, დანი კარვახალი, მადრიდულ კლუბში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა.
გუშინ, ლა ლიგის 23-ე ტურში ვალენსიასთან გამარჯვებისას (2:0), 34 წლის ფეხბურთელმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ახალგაზრდა დავიდ ხიმენესი გამოჩნდა, რომელიც 76-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ კარვახალი მოედანზე ფიზმომზადების მწვრთნელთან, ანტონიო პინტუსთან ერთად სავარჯიშოდ გავიდა. გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი აშკარად გაღიზიანებული იყო. მოთამაშესთან დაახლოებული პირები ადასტურებენ, რომ ის იმედგაცრუებულია, თუმცა მუშაობას მონდომებით განაგრძობს.
კლუბის ხელმძღვანელობაში ეჭვობენ, ღირს თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება, რომელიც ამ სეზონის ბოლოს იწურება. თავად კარვახალის მხარეც არ არის დარწმუნებული მადრიდში დარჩენაში, რეალი კი უკვე აქტიურად განიხილავს მარჯვენა მცველის პოზიციაზე ახალ ვარიანტებს.
არსებული ინფორმაციით, კარვახალი და რეალის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ალვარო არბელოა, ერთმანეთში თითქმის არ ლაპარაკობენ.
კარვახალი რეალის უკანასკნელი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდთან ერთად 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ის ბერნაბეუზე 2013-ში ლევერკუზენში გატარებული ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა და მას მერე პირველი გუნდის უცვლელი წევრია, რა დროშიც 26 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის — 6 ჩემპიონთა ლიგისა და 4 ლა ლიგის.