რეალ მადრიდის სამწვრთნელო შორტლისტს ახალი კანდიდატი დაემატა, ალვარო არბელოას მომავალი კი კვლავ ბუნდოვანია.
სულ უფრო რეალური ხდება, რომ მომავალი სეზონის დასაწყისში რეალ მადრიდს სათავეში ახალი სპეციალისტი ჩაუდგება. ამჟამად გუნდს ალვარო არბელოა ხელმძღვანელობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბლანკოსი მორიგი უტიტულო სეზონის წინაშე დგას, მას კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან გაუჭირდება.
მადრიდელებმა ზაფხულისთვის პოტენციური კანდიდატების ძიება უკვე დაიწყეს. სიის სათავეში იურგენ კლოპი და მაურისიო პოჩეტინო არიან, თუმცა ჯერჯერობით გარკვეული არ არის, რამდენად ხელმისაწვდომნი იქნებიან ისინი. სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ ყურადღება იმ ადამიანზე გადაიტანა, რომლის დაყოლიებაც უფრო მარტივი იქნება.
RMC Sport-ის ინფორმაციით (რომელსაც Marca ავრცელებს), რეალ მადრიდის ინტერესის სფეროში დიდიე დეშამი მოექცა. 57 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ამ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს. შესაძლოა, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, ის საკლუბო ფეხბურთს სწორედ ბერნაბეუზე დაუბრუნდეს.
ამბობენ, რომ დეშამი რეალ მადრიდის წინადადებას სიამოვნებით დათანხმდება, რადგან ნაკრებიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება სურს. მადრიდელებისთვის ის მიმზიდველი ვარიანტია, რადგან თავისუფალი აგენტი იქნება. გარდა ამისა, მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს გუნდის ვარსკვლავებთან, მათ შორის მბაპესა და ჩუამენისთან.
ფლორენტინო პერესისთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რეალ მადრიდი ზედიზედ მეორე სეზონს ასრულებს მნიშვნელოვანი ტიტულის გარეშე. გასულ ზაფხულს კარლო ანჩელოტის ჩანაცვლებამ ჩაბი ალონსოთი არ გაამართლა, იანვარში დანიშნული არბელოა კი ისეთივე იმედგაცრუება გამოდგა.
რეალ მადრიდს სჭირდება ადამიანი, რომელიც ვარსკვლავებით სავსე გასახდელს დაიმორჩილებს. დეშამი ამ კრიტერიუმს ნამდვილად აკმაყოფილებს. თუმცა, მისი დანიშვნა გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული, რადგან მას საკლუბო დონეზე 2012 წლის შემდეგ არ უმუშავია.