დინამო ბათუმის სპორტული დირექტორი ჰაიკ ჰოვაკიმიანი იქნება.
მას ევროპულ და საერთაშორისო დონეზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გასულ წლებში ჰაიკ ჰოვაკიმიანი უნგრული დებრეცენისა და სომხური ნოას სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ სომხურმა კლუბმა სწორედ მისი მუშაობის პერიოდში მოიპოვა უეფას საკლუბო ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება და ისტორიაში პირველად პლეი-ოფშიც ითამაშა.
ამას გარდა მას, გერმანულ იურდინგენში, იტალიურ სიენასა და ლატვიურ დინამო რიგაში აღმასრულებელი მმართველი დირექტორის თანამდებობა ეკავა.
დინამო ბათუმში დანიშვნის შემდეგ ჰაიკ ჰოვაკიმიანმა კომენტარი გააკეთა:
„დინამო ბათუმში მუშაობის დაწყება ჩემთვის ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევაა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, სრულად დავრწმუნდი ამ პროექტის ამბიციურობაში და მჯერა, რომ მის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია. მაქვს მკაფიო ხედვა, რომელიც სრულ თანხვედრაშია კლუბის ამჟამინდელ მიზნებთან.
მზად ვარ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და პროფესიული კავშირები, რათა დინამომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს იმ ნანატრ წარმატებას, რომელსაც ეს ქალაქი და გულშემატკივრები იმსახურებენ.
საქართველო ძალიან მიმზიდველი საფეხბურთო ბაზარია, რომელიც ადგილობრივი მოთამაშეების მართლაც გამორჩეული ნიჭით იკვებება. ჩვენ გვაქვს ყველაფერი - თანამედროვე ქალაქი და გამართული საფეხბურთო კლუბი იმისთვის, რომ საინტერესო, მაღალი დონის ტრანსფერები რეალობად ვაქციოთ. ჩემი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს უნიკალური შესაძლებლობა პროექტის წარმატებისთვის.“
ინფორმაციას დინამო ბათუმის ოფიციალური გვერდი ავრცელებს