სამშაბათს, 19 მაისს, ბორნმუთმა შინ მანჩესტერ სიტი მიიღო, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა - არსენალმა ნანატრი ჩემპიონობა პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე იზეიმა. არსენალის გაჩემპიონებით ამ სეზონში ტოპ ხუთი ლიგის ხუთივე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალისტისთვის ეს მე-14 ტრიუმფი იყო, ბარსელონა 29-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ბაიერნი 35-ედ, ხოლო ინტერი - 21-ედ. დღევანდელ ბლოგში იმ 10 გუნდს წარმოგიდგენთ, რომელთაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ მოუგიათ.
საინტერესოა, რომ სიაში ვერ მოხვდა ტოპ 5 ლიგის ვერცერთი წარმომადგენელი. წამყვან ჩემპიონატებში ამ მაჩვენებლით მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი ლიდერობენ - ორივე გუნდის ანგარიშზე 36 ჩემპიონობაა.
10. საუზ ჩაინა ატლეტიკი
“კაროლინელები” ჰონგ კონგის ჩემპიონები 41-ჯერ გახდნენ.

9. ალ აჰლი
კაიროელები 45-ჯერ გახდნენ ეგვიპტის ჩემპიონები.

8. ოლიმპია ტეგუსიგალპა
Rey de Copas - ლოგიკურია, რომ ჰონდურასის 47 გზის ჩემპიონებს თასების მეფეები შეარქვეს.

7. ოლიმპიაკოსი
პირეოსის ოლიმპიაკოსმა საბერძნეთის ჩემპიონობა 48-ჯერ იზეიმა.

6. ოლიმპია ასუნსიონი
ოლიმპიაკოსის მსგავსად, დედაქალაქელებმა პარაგვაის ჩემპიონატი 48-ჯერ მოიგეს.

5. ნასიონალი
50-იან კლუბს ურუგვაული ნასიონალი ხსნის - ყველაზე ტიტულოვანმა სამხრეთამერიკულმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა 50-ჯერ იზეიმა.

4. პენიაროლი
მიუხედავად იმისა რომ ნასიონალს კონტინენტის მასშტაბით ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული, შიდა ასპარეზზე პირველობა დედაქალაქური გუნდის პრივილეგიაა - მონტევიდეოს პენიაროლმა ურუგვაის ჩემპიონატი 52-ჯერ მოიგო.

3. რეინჯერსი
შოტლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ფლაგმანმა უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა 55-ჯერ იზეიმა, მათ შორის ორჯერ შოთა არველაძესთან ერთად - ქართველი ფორვარდი შოტლანდიის ჩემპიონი 2003 და 2005 წლებში გახდა.

2. სელტიკი
მიდლოთიანის ჰართსმა 40-წლიანი გლაზგოური დომინაციის დასრულება ვერ შეძლო - შოტლანდიის პრემიერშიფის ბოლო ტურში სელტიკმა ედინბურგელები შინ 3:1 დაამარცხა და შოტლანდიის ჩემპიონობა 56-ედ იზეიმა.

1. ლინფილდი
140 წლის წინ დაარსებულმა ჩრდილოირლანდიურმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონატის მოგება 57-ჯერ შეძლო - პირველი 12 ჩემპიონობა ლინფილდმა ირლანდიის ჩემპიონატში იზეიმა. 1921 წელს კი ჩრდილოეთ ირლანდია დაარსდა - ბელფასტელები 45-ჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.
