დორტმუნდის ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა, ოლე ბუკმა, კლუბის სატრანსფერო სტრატეგია შეცვალა.
გერმანულმა გრანდმა ჯეიდონ სანჩოს გამოსყიდვის იდეა დროებით „დააპაუზა“, რათა აქცენტი კრეატიული ნახევარმცველის დამატებაზე გადაიტანოს. ბორუსიას მთავარი სამიზნე ლონდონის არსენალის 19 წლის ტალანტი, ეთან ნვანერი გახდა, რომელიც ამჟამად იჯარით მარსელში თამაშობს.
კლუბში სანჩოზე უარის თქმის მიზნად ახალი ტაქტიკური მიმართულება დასახელდა. დორტმუნდი წარმატებით იყენებს 3-მცველიან სისტემას, რის გამოც კლუბს კლასიკური ვინგერების ნაცვლად, მოედანზე ათი ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი სჭირდება, რომელსაც ფლანგზე გაწევაც შეეძლება. იულიან ბრანდტის წასვლის შემდეგ, კლუბი მის იდეალურ შემცვლელად სწორედ ნვანერის მიიჩნევს.
ბორუსია ნვანერით ერთი წლის წინაც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა მეთოფეებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. ტრანსფერს ართულებს ის ფაქტიც, რომ არსენალი ახალგაზრდა ვარსკვლავში საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, კიდევ ერთი იჯარის გაფორმება კი ნაკლებად სავარაუდოა.
ნვანერის გარდა, დორტმუნდი ბერლინის ჰერტას 16 წლის სენსაციას, კენეტ ეიხჰორნსაც აკვირდება, რომლის გამოსასყიდი თანხა 9 მილიონი ევროა. თუმცა, მისთვის ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნი, მანჩესტერ სიტი და ლევერკუზენიც არიან ჩართულნი. ბორუსიას ბიუჯეტი კაუა პრატესისა და ჟოან გადუს (რომელიც 24 მილიონი ევრო დაჯდა) ტრანსფერების შემდეგ შეზღუდულია, თუმცა ოლე ბუკი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას მაინც გეგმავს.