ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი განაახლა, მათ შორის ცვლილებები ქართველებსაც შეეხო.
-60 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი 4 ადგილით დაწინაურდა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, წონას საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე ლიდერობს.
-66 კგ-ში 6 ადგილით დაიხია უკან ვაჟა მარგველაშვილმა და ახლა მე-13 პოზიციაზეა, წონის ახალი ლიდერი იაპონელი რიომა ტანაკაა. -73 კგ-ში უცვლელად მე-13 ადგილზეა ლაშა შავდათუაშვილი, ამ წონის ლიდერი კი კვლავ აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვია.
წონის ლიდერი არ შეცვლილა -81 კგ-ში და ის კვლავ ტატო გრიგალაშვილია, რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. -90 კგ-ში მე-2 ადგილზე რჩება ლაშა ბექაური, მე-5 პოზიციას კი ლუკა მაისურაძე იკავებს, წონის ლიდერი იაპონელი სანშირო მურაოა.
-100 კგ-ის რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა ევროპის ჩემპიონი ილია სულამანიძე და ახლა მე-2 ადგილზეა, ვერცხლის პრიზიორი ზელიმ კოცოიევი კი წონის ლიდერად რჩება. +100 კგ-ში 2 ადგილით დაქვეითდა გურამ თუშიშვილი და მე-5 პოზიციას იკავებს, წონის ლიდერი კი კვლავ ინალ ტასოევია.
წონების გაერთიანებულ რეიტინგში ქულებით მე-3 ადგილს იკავებს ტატო გრიგალაშვილი, პირველ და მეორე ადგილებზე კი აზერბაიჯანელები - ჰიდაიატ ჰეიდაროვი და ზელიმ კოცოიევი არიან.
ქალების - 57 კგ. წონით კატეგორიაში მე-5 ადგილზეა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი, ამ წონის ლიდერი კი კანადის სახელით მოასპარეზე კრისტა დეგუჩია.