10 მაისს გასამართი ელ კლასიკო, სადაც მადრიდის რეალი და ბარსელონა ერთმანეთს ლა ლიგის 35-ე ტურში დაუპირისპირდებიან, შესაძლოა ორი მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩატარდეს.
კამპ ნოუზე დაგეგმილ შეხვედრას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც ტრავმები, ისე სადისციპლინო საკითხები.
ბარსელონას გულშემატკივრებისთვის ყველაზე მძიმე ნიუსი ლამინ იამალს ეხება. სელტასთან მატჩში მიღებულმა კუნთის ტრავმამ ახალგაზრდა ვარსკვლავი სეზონის ბოლომდე დატოვა თამაშგარეში. მიუხედავად იმისა, რომ მის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას საფრთხე არ ემუქრება, ბარსელონას ლიდერობის დაცვა (გუნდს 82 ქულა აქვს) იამალის გარეშე მოუწევს.
რაც შეეხება მადრიდის რეალს, კილიან მბაპეს ელ კლასიკოში მონაწილეობა სადისციპლინო საკითხზეა დამოკიდებული. ფრანგ ფორვარდს უკვე ოთხი ყვითელი ბარათი აქვს დაგროვილი და კიდევ ერთი გაფრთხილება ავტომატურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს. მბაპეს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი, მოუწევს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს ბეტისთან უახლოეს შეხვედრაში, რათა ბარსელონასთან მატჩი არ გამოტოვოს.
არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც 27 წლის ფორვარდმა შესაძლოა ტაქტიკური ყვითელი ბარათი მიიღოს ბეტისთან მატჩში, რათა დისკვალიფიკაცია ესპანიოლთან შეხვედრაში მოიხადოს და ელ კლასიკოსთვის სუფთა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი გაუფრთხილებელი ქმედება მას წლის მთავარ მატჩს მიღმა დატოვებს.
ეს გაურკვევლობა დიდ თავსატეხს უჩენს როგორც ალვარო არბელოას, ისე ბარსელონას სამწვრთნელო შტაბს. ორი მთავარი შემტევის შესაძლო არყოფნა ცვლის ორივე გუნდის გეგმებს იმ მატჩის წინ, რომელმაც შესაძლოა ლა ლიგის საჩემპიონო რბოლის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტოს.