1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
20 წლის თავდამსხმელი, რომელსაც კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში რეგულარულად იძახებს, მადრიდის რეალში სასურველ სათამაშო დროს ვერ იღებს.
მიმდინარე სეზონში მან 7 შეხვედრაში მხოლოდ 140 წუთი ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში კი ერთადერთხელ, სევილიასთან მატჩში გამოჩნდა.
ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც ფეხბურთელი ელოდა, როდესაც გასულ ზაფხულს ჟოზე მოურინიოს თხოვნა გაითვალისწინა და გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. იმ დროისთვის მისი რომაში იჯარით გადასვლის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო.
მიუხედავად ამისა, ენდრიკსა და მთავარ მწვრთნელს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ბრაზილიელი ფეხბურთელი იმედგაცრუებას არ აჰყოლია და ახლა ცდილობს, კარიერის განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს, რათა მისი პროგრესი არ შეფერხდეს.
სიტუაცია რადიკალურად უნდა შეიცვალოს, რომ ენდრიკმა იანვარში რეალი არ დატოვოს. არსებული მდგომარეობით, ფეხბურთელმა ახალი კლუბის მოძებნა გადაწყვიტა, სადაც, როგორც თავის დროზე ლიონში, რეგულარული სათამაშო დრო, ევროტურნირებზე ასპარეზობა და განვითარების შესაძლებლობა ექნება.
ესპანური AS-ის ცნობით, რომა კვლავ დაინტერესებულია ენდრიკის იანვარში დამატებით, თუმცა იტალიურ კლუბს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ლისაბონის სპორტინგმა უკვე გადადგა ნაბიჯები იმისთვის, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი სეზონის მეორე ნახევრისთვის დაიმატოს.
სპორტინგს ფონსეკა წვრთნის, რომელსაც ენდრიკის დამატება გასულ სეზონშიც სურდა და რომელიც ფეხბურთელს ლიონში ხელმძღვანელობდა.
ფრანგულ კლუბში ენდრიკმა სეზონის მეორე ნახევარი მაღალ დონეზე ჩაატარა. მან 21 შეხვედრაში, 1663 წუთის განმავლობაში, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლისაბონური კლუბი ბრაზილიელ ფეხბურთელს პრაქტიკულად ყველაფერს სთავაზობს, რასაც ის ეძებს.
სპორტინგი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, სადაც ამჟამად მე-10 ადგილს იკავებს. პორტუგალიის დედაქალაქში ახლახან მისულმა მთავარმა მწვრთნელმა ენდრიკის ტრანსფერი პირადად მოითხოვა და მას მნიშვნელოვანი სათამაშო დროის მიღების გარანტიას აძლევს.
გარდა ამისა, ბრაზილიელისთვის ახალ გარემოსთან ადაპტაცია მარტივი უნდა იყოს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ენობრივი ფაქტორია, პორტუგალიაში და მის მთავარ მწვრთნელთან კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე შეეძლება.
მნიშვნელოვანია მადრიდთან გეოგრაფიული სიახლოვეც, რის გამოც ფეხბურთელის ყოველდღიურ ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
თუმცა ენდრიკს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ბოლო პერიოდში მიღებულ ყველა შეთავაზებას განიხილავს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის არის, რომ ენდრიკი მხოლოდ იჯარით წასვლის ვარიანტს არ განიხილავს.
ფეხბურთელი მზად არის სრულფასოვანი ტრანსფერის შესაძლებლობაც შეაფასოს, თუმცა ისეთი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მადრიდის რეალს მის მომავალზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება როგორც ფეხბურთელზე უფლებების მხოლოდ ნაწილის გაყიდვით, ისე კონტრაქტში რამდენიმე სეზონზე გათვლილი გამოსყიდვის უფლების ჩადებით, რაც მადრიდული კლუბისთვის ხელსაყრელი იქნება.
ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ენდრიკსა და რეალის ხელმძღვანელობას შორის სრული ურთიერთგაგებაა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს მადრიდულ კლუბში წარმატების მიღწევის ოცნებაზე უარი არ უთქვამს, თუმცა 20 წლის ასაკში განვითარებისთვის რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რისი მიღებაც ამჟამინდელ რეალში ძალიან რთულია.
თუ ენდრიკი წასვლას გადაწყვეტს, კლუბი მას ხელს არ შეუშლის. მადრიდელებს კარგად ესმით, რომ ფეხბურთელში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია უნდა დაიცვან.
ტრანსფერის ღირებულების (35 მილიონი ევრო და დამატებით 25 მილიონი ბონუსების სახით), ხელფასის, საკომისიოებისა და გადასახადების გათვალისწინებით, რეალს ენდრიკის ტრანსფერი უკვე 80 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა. შესაბამისად, კლუბს არ სურს, რომ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება შემცირდეს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები