თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ევროლიგის პლეი-ინის პირველ ეტაპზე, ბელგრადის ცრვენა ზვეზდა დაამარცხა და 1/4 ფინალისთვის ბრძოლას აგრძელებს - 80:72.
კატალონიელები მთელი მატჩის განმავლობაში ვითარებას აკონტროლებდნენ და ანგარიშშიც კომფორტული უპირატესობა ჰქონდათ. გუნდს უილი კლაიბერნმა (22 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი) და კევინ პუნტერმა (22 ქულა, 1 მოხსნა, 2 ასისტი) ულიდერეს.
რაც შეეხება შენგელიას, პარკეტზე გატარებულ 22:52 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი ჩაიწერა აქტივში. 6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
1/4 ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ბარსელონას კიდევ ერთი ბარიერი აქვს - პანათინაიკოსთან დამარცხებულ მონაკოს უნდა შეხვდეს და მოუგოს.
ბარსელონა და მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი მონაკო 24 აპრილს ითამაშებენ და გაარკვევენ 1/4 ფინალისტს, რომელიც ბერძნულ ოლიმპიაკოსზე გადის.