ტორპედო ქუთაისმა, ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, იმერულ დერბიში სამგურალს 6:1 მოუგო და ლიდერებს მიუახლოვდა.
კომენ ანდრიჩმა დუბლი შეასრულა და 2026-ის სეზონში პირველი გოლები შეაგდო, გიორგი არაბიძესა და ვლადიმერ მამუჩაშვილს გოლი და ასისტი ჰქონდათ, ხოლო თითო გოლი მოჰამედ შერიფმა და ალეკო ბასილაძემ მიითვალეს - ორივესთვის სეზონში პირველი გოლია. სამგურალის მხრიდან, გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა - 5:1 გახდა.
აღსანიშნავია, რომ მამუჩაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატში 5 საგოლე მოქმედება მოაგროვა, რაც მთლიანად ლიგის ყველაზე მაღალი შედეგია - 2 გოლი, 3 ასისტი.
ქუთაისურმა გუნდმა ჩემპიონატში 6 გოლი ბოლოს 13 სექტემბერს გაიტანა და მაშინაც სამგურალის წინააღმდეგ - 6:2 მოიგეს.
ტორპედომ 11 ქულა მოაგროვა, სპაერსა და რუსთავს გაუთანაბრდა, ლიდერ იბერიას კი 3 ქულით ჩამორჩება - მე-8 ტურის მატჩი ჯერ არც ერთ ამ გუნდს ჩაუტარებია. სამგურალი, 8 ქულით, ბოლოსწინა ადგილზეა და მხოლოდ 7-ქულიან დინამო ბათუმს უსწრებს.
ქუთაისელები მომდევნო ტურში, 27 აპრილს, სწორედ დინამო ბათუმის წინააღმდეგ, აჭარაბეთ არენაზე ითამაშებენ, ხოლო სამგურალი დინამო თბილისს წყალტუბოში მიიღებს - 25 აპრილს.