ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, დინამო არენაზე, ტურამდე ბოლოადგილოსანმა გაგრამ დინამო თბილისს 1:0 მოუგო.
გამარჯვების გოლი, 52-ე წუთზე, ლუკა კეკელიძემ შეაგდო, რომლისთვის გაგრელთა მაისურით სადებიუტო შედეგიანი დარტყმაა. მას ასისტი ანდრეი ანდრეიჩუკმა გაუკეთა - ბოლო 2 ტურში 3 საგოლე მოქმედება აქვს (1 გოლი, 2 ასისტი).
შედეგად, გაგრამ წლევანდელ სეზონში მე-2 გამარჯვება იზეიმა (აქამდე რუსთავს მოუგეს) და ბოლო ადგილს თავი დააღწია - ახლა მე-6 პოზიციაზე, თუმცა ტურის 3 მატჩი კიდევ გასამართია.
დინამოელთა მოუგებელი სერია კი უკვე 7-მატჩიანია, გუნდმა პირველ ტურში სპაერს სტუმრად აჯობა, მას შემდეგ კი 5 ფრე და 2 მარცხი აქვს - 8 ქულით, მე-7 ადგილზეა.
გაგრა შემდეგ ტურში (27 აპრილს) ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლებს, ხოლო დინამო თბილისი წყალტუბოს სამგურალს სტუმრად შეხვდება (25 აპრილს).