კარლო ანჩელოტიმ ბაიერნიდან გათავისუფლების ისტორია გაიხსენა.
იტალიელი მიუნხენურ კლუბში 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით მუშაობდა.
„ბუნდესლიგაში კონკურენტებს 15 ქულით გავასწარით, ანუ 5 ქულით მეტით, ვიდრე პეპ გვარდიოლამ წინა ორ სეზონში. თუმცა, ბაიერნმა ეს წარმატებად არ ჩათვალა. ეს ყველაზე ნაკლები იყო, რასაც ისინი ელოდნენ.
როგორც კი პრესაში ციებ-ცხელება იწყებოდა, გუნდის მუშაობაში დიდ სხვაობას ვხედავდი. ჩემთვის დიდი სიახლე იყო ისეთ კლუბში მუშაობა, რომელიც ერთი ქარიზმატული მფლობელის სურვილებს არ ემორჩილებოდა.
ნაცვლად ამისა არსებობდა აქციონერების დიდი და განსხვავებული ჯგუფი. კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელები ხელმძღვანელობაში იყვნენ. შუა სეზონში პრეზიდენტი შეიცვალა და ეს თანამდებობა ული ჰიონესმა დაიკავა.
მე პასუხისმგებლობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანის წინაშე მეკისრებოდა. მიჭირდა გარკვევა, ვის უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდა და რამდენიმე კვირაში, აზრის საკითხავად ფილიპ ლამიც გავიყვანე გვერდზე. მაქსიმალურად ვცდილობდი, დამოუკიდებლობა შემენარჩუნებინა.
ერთხელ, ხელმძღვანელობამ მთხოვა ფეხბურთელებს შორის დისციპლინა გამეუმჯობესებინა და 5-პუნქტიანი სია მომცა, რომელიც ბიჭებისთვის უნდა წამეკითხა. თუმცა მიმაჩნდა, რომ რადგან პროფესიონალურ გუნდთან გვქონდა საქმე და არა ახალგაზრდულთან, ფეხბურთელებს შესაბამისად და ინდივიდუალურად უნდა მიუდგე.
ამიტომ, ფეხბურთელების წინაშე გასახდელში დავდექი და ვთქვი: "ხელმძღვანელობამ მაიძულა ეს სია წაგიკითხოთ." ასე ამ დავალებისგან შორს განვცალკევდი.
შემდეგ, სექტემბერში, ჩემს სხვა ყოფილ კლუბს, პსჟ-ს შევხვდით. იმ მატჩში გადავწყვიტე, უარი მეთქვა ჩვენს მოძველებულ ფლანგურ სქემაზე და მცველებს წინ წასვლის მეტი თავისუფლება მივეცი.
ეს დიდი შეცდომა აღმოჩნდა. ბალანსი დაირღვა და მეტოქემ ხელი თავისი კონტრშეტევებით შეგვიშალა, რის შედეგადაც ანგარიშის გახსნა უკვე მე-2 წუთზე შეძლო.
მეორე დღეს კლუბის დირექტორთა საბჭო შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ პრობლემა ჩემშია. "სეზონის სტარტზე ჩვენი გუნდის თამაშმა იმედები ვერ გაამართლა." - მითხრა კარლ ჰაინც რუმენიგემ.
სხვადასხვა კლუბებიდან ოთხჯერ გამიშვეს: "იუვენტუსიდან, ჩელსიდან, რეალიდან და ბაიერნიდან. ეს ამტკიცებს, რომ კლუბიდან გაშვებას სულაც არ სჭირდება არაპროგნოზირებადი მფლობელი ან პრეზიდენტი. აქციონერებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება.
ეს ჩემი კარიერის ყველაზე უმოწყალო გაშვება იყო. ჩემი წასვლის შემდეგ ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ და დამარცხდნენ - გამოიცანით ვისთან - მადრიდის რეალთან." - წერს ანჩელოტი საკუთარ ავტობიოგრაფიაში.