მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა ინგლისური კლუბის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრემიერ ლიგიდან მისი გავარდნა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მოვლენა იქნებოდა.
ოუენის აზრით, მანჩესტერ იუნაიტედს გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე მისი სატურნირო მდგომარეობა აჩვენებს.
„ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მოხდეს. ზოგი ფიქრობს, რომ გუნდში საკმარისად კარგი ფეხბურთელები არ არიან, მაგრამ ჩემი აზრით, იქ ჩემპიონთა ლიგის დონის მოთამაშეები თამაშობენ.
ზოგი ამბობს, რომ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ყოფნა მათი რეალური დონეა, თუმცა ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები.
გასულ სეზონში, ჩემპიონატის მეორე ნახევრიდან ბოლომდე, მათ საჩემპიონო დონის ფორმა აჩვენეს. შეუძლებელია, ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ასე კარგად თამაშობდე და ამავდროულად სუსტი გუნდი იყო.
ჩემი აზრით, მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის დაახლოებით მეექვსე გუნდია სიძლიერით.
ვერ წარმომიდგენია მათი გავარდნა, მაგრამ თუ ეს მართლაც მოხდება, ალბათ პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი მოვლენა იქნება, ლესტერის ჩემპიონობის მსგავსად“, - განაცხადა ოუენმა.
შეგახსენებთ, რომ ლესტერმა 2015/16 წლების სეზონში პრემიერ ლიგის ჩემპიონობა სენსაციურად მოიპოვა და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი წარმატების ავტორი გახდა.