ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ლივერპულში შექმნილ მეკარეების საკითხს ეხმაურება.
მისი განცხადებით, ბრაზილიელ ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილს შორის მოსალოდნელი კონკურენცია კლუბისთვის სიტუაციას სულ უფრო ართულებს.
რომანოს თქმით, არსებობს შანსი, რომ ალისონმა ენფილდი საერთოდ არ დატოვოს, თუ მას გუნდი ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს. თუმცა მეორე მხრივ, ქართველი კარის დარაჯის ამბიციები საქმეს ცვლის.
მამარდაშვილი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგო გოლკიპერის როლს განუსაზღვრელი ვადით დასჯერდება. ის მეორე ნომრად მხოლოდ მანამ იქნება, სანამ ძირითადში ადგილი არ გამოთავისუფლდება
როგორც ირკვევა, ბრაზილიელ ვეტერანს ლივერპულთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ალისონმა უკვე ღიად დააფიქსირა დარჩენის სურვილი იმ შემთხვევაში, თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებს. ფაბრიციო რომანოს აზრით, ინგლისურ გრანდს ადრე თუ გვიან ამ ურთულესი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად მოუწევს.