საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური ვილიარეალის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღების ცენტრშია.
ინგლისური გამოცემა Goodison News-ისა და სატრანსფერო ექსპერტ ეკრემ კონურის ინფორმაციით, 26 წლის ქართველი ფორვარდის შეძენით ევერტონია დაინტერესებული.
ლივერპულური კლუბის მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს შემტევი ხაზის გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. მას შემდეგ, რაც გუნდი ბეტომ დატოვა, ფოლარინ ბალოგუნის ტრანსფერი კი ჩაიშალა, ევერტონის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრფორვარდი ტიერნო ბარი დარჩა.
მერსისაიდელები მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდებიან და მას შეტევის მრავალფეროვნებისთვის იდეალურ კანდიდატად განიხილავენ.
წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 33 მილიონ ფუნტს შეადგენს, ვილიარეალთან მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2031 წლამდეა გათვლილი. ევერტონის გარდა, მიქაუტაძის კანდიდატურას ლონდონის ტოტენჰემსაც უკავშირებენ.
ინგლისელი ანალიტიკოსების შეფასებით, მიქაუტაძე განსხვავებული სტილის შემტევია. ის არ გამოირჩევა ფიზიკური დომინაციით, თუმცა ტექნიკური არსენალით, დრიბლინგით, სისწრაფითა და შეტევის დასკვნით ფაზაში სიმწვავის შექმნის უნარით ევერტონის კონტრშეტევებს გაცილებით სახიფათოს გახდის.