მანჩესტერ სიტის ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის სერიოზული სანქციები ემუქრება.
Financial Times-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის სააპელაციო განხილვა დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 2027 წელს არის მოსალოდნელი. თუ სიტის აპელაცია არ დაკმაყოფილდება, კლუბისთვის სასჯელის განსაზღვრის პროცესი დაიწყება
საქმე ფინანსური რეგულაციების დარღვევას უკავშირდება. გამოძიება 2009-2018 წლებში კლუბის საქმიანობას მოიცავს. დამოუკიდებელმა კომისიამ მანჩესტერ სიტი 115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნო.
დადგენილი დარღვევების მიხედვით, კლუბი სპონსორებთან გაფორმებული მოჩვენებითი ხელშეკრულებებით ხელოვნურად ზრდიდა შემოსავლებს და ამცირებდა ხარჯებს, რითაც ფინანსური შეზღუდვების გვერდის ავლას ცდილობდა. საუბარია ცხრა წლის განმავლობაში 900 მილიონ ფუნტზე მეტ თანხაზე.
გარდა ამისა, დარღვევები ეხება არაზუსტ ფინანსურ ანგარიშგებას, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ანაზღაურების შესახებ ინფორმაციის არასრულად წარდგენას, ფინანსური წესების დარღვევასა და პრემიერლიგის გამოძიებასთან არასათანადო თანამშრომლობას.
მანჩესტერ სიტის შესაძლო სასჯელებია:
ფულადი ჯარიმა
სატურნირო ცხრილში ქულების დაკლება
პრემიერლიგიდან მოკვეთა
კლუბი ბრალდებებს არ ეთანხმება და დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
სანქციების ზუსტი სახე და მათი ამოქმედების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, სიტის უფლება ექნება, დაკისრებული სასჯელიც გაასაჩივროს, რამაც პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო გაახანგრძლივოს.